“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინაშვილმა გუშინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ვითარდება მძიმე პოლიტიკური პროცესები, რომელზეც პასუხისმგებელია გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში სწორედ ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოვიდა. ირმა ინაშვილი მოუწოდებს გიორგი კვირიკაშვილს, დატოვოს პრემიერ-მინისტრობის პოსტი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ არ მოახდინოს ტოტალური გაყალბება, რისი ნიშნებიც, მისი თქმით, უკვე არსებობს.
”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი მმართველ პარტიასა და პრემიერ-მინისტრს რიგ პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაშიც ადანაშაულებს. ”საზოგადოებას ახსოვს, რომ მე ბიძინა ივანიშვილს ოთხჯერ მოვუწოდე განემუხტა საკონსტიტუციო კრიზისი და შეეჩერებინა სააჩევნო სისტემის უზურპაცია, რომელიც მის მიერ მოყვანილმა კვირიკაშვილის გუნდმა განახოციელა. ჩვენ გვახსოვს, რომ ის გვპირდებოდა გახდებოდა პირველი ოპოზიციონერი, თუკი დემოკრატიას რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა, თუმცა ის დღეს დუმს. სახეზე გვაქვს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყნის გამთლიანებისადმი. სახეზე გვაქვს საარჩევნო სისტემის უზურპაცია, შიდა გადატრიალება ქართულ ოცნებაში, საბანკო ტერორი, სიღატაკე და უსამართლობა. ამ უმძიმეს სიტუაციაში კვირიკაშვილი ურიგდება ბოკერიას და ცდილობს მთავარ ოპოზიციურ პარტიებად ნაცმოძრაობის, ბოკერიების და ახლა უკვე ვაშაძის წარმოჩენას. ნათელია, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანაში რბილი დიქტატურა დაამყარა და ემზადება არჩევნების ტოტალურად გაყალბებისთვის. მოვითხოვთ კვირიკაშვილის გადადგომას და სამართლიან არჩევნებს ქვეყანაში”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადებით, თუკი ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ამგვარად გაგრძელდება, ქვეყანა შევა უმძიმეს ვითარებაში, საიდანაც გამოსვლა სახელმწიფოს გაუჭირდება. ირმა ინაშვილის განცხადებითვე, მმართველ პარტიაში შიდა გადატრიალებაა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ფლანგი ცდილობს უკან ჩააჩოჩოს ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას და იდგნენ საზოგადოების გვერდით.
როგორც ინაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მსგავსი ვითარება საპარლამენტო უმრავლესობაში შეინიშნება. მისივე თქმით, აქციები, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები უკვე ერთი თვეა მართავენ, მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი