თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ელექტროდამტენები დამატებით რამდენიმე ახალ ადგილზე განთავსდება.
როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ეს წახალისება იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს დედაქალაქში.
„ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დავალებული ჰქონდა ქალაქის მასშაბით ელექტროდამტენები განთავსებულიყო. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ წავახალისოთ ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოში და რა თქმა უნდა, თბილისში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ 45 ელექტროდამტენი ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა რაიონებში დავაყენეთ ბიზნესის ჩართულობით ისე, რომ მუნიციპალიტეტიდან თანხები არ დახარჯულიყო, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ 45-ვე ლოკაციაზე ელექტროდამტენები ელექტრომობილებისთვის გამართულად მუშაობს. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი- გადასახადი არის ნული. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ელექტრომობილების რაოდენობა წავახალისოთ და რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს დედაქალაქში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა ლოკაციებზე ელექტროდამტენების განთავსების თვალსაზრისით, 23 ახალი ლოკაცია გვაქვს, სადაც ელექტროდამტენებს დამატებით განვათავსებთ. კიდევ უფრო მეტი დამტენის შესაძლებლობა იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით, რაც ძალიან კარგია“,-განაცხადა კალაძემ.