თბილისში საბავშვო ბაღების მშენებლობა გრძელდება. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ სამგორის რაიონში, კერძოდ, ლილოსა და ე.წ. აფრიკის დასახლებებში მიმდინარე ბაღების მშენებლობა სამგორის რაიონის გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.
თბილისის მერიის ცნობით, ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე 12-ჯგუფიანი ბაღი შენდება, სადაც 350- მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას და დასაქმდება 70 მოქალაქე. პროექტის ღირებულება 4 200 000 ლარია.
„სამგორის რაიონის ამ ორ უბანში მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალი ბაღების მშენებლობაა. 12 და 15-ჯგუფიანი ბაღების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 800-მდე ბავშვი შეძლებს ჩვენი სერვისების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მერიის ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე დიდი საბავშვო ბაღი ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე შენდება. ბაღში 15 სააღმზრდელო ჯგუფი განთავსდება და 80-მდე ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, უბანში ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
“ახალი ბაღები ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აშენდება – შენობები იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, აღჭურვილი იქნება სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. აღნიშნული ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 5 373 000 ლარია გათვალისწინებული.
ახალი ბაღების მშენებლობა სამგორის რაიონში მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, აღსაზრდელებს კი ორივე დაწესებულება 2023 წლის იანვრიდან მიიღებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.