გორის მუნიციპალიტეტის მერი და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წილებს 5 სხვადასხვა კომპანიაში ფლობს. მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნული 5 კომპანიიდან ხინჩეგაშვილმა შემოსავალი მხოლოდ ერთი კომპანიიდან მიიღო, დანარჩენ 4 კომპანიაში მისი შემოსავალი 0 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ფლოლეს ქონსთრაქშენსი
ხინჩეგაშვილი შპს “ფლოლეს ქონსთრაქშენსის” 50%-იანი წილის მფლობელია 2017 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მისი ბიზნეს-პარტნიორები აღნიშნულ კომპანიაში არიან თევდორე მაყაშვილი და ოქროპირი ჯიქური. ხინჩეგაშვილის დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მას ამ კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია.
ჩემპიონი
შპს ჩემპიონი ხინჩეგაშვილის მფლობელობაში არსებული კიდევ ერთი კომპანიაა. იგი აღნიშნული კომპანიის 34%-ს ფლობს. აქ მისი პარტნიორები გენო პეტრიაშვილი და მამუკა არევაძე არიან. შემოსავალი ამ შემთხვევაშიც არ ფიქსირდება.
გგ ჰოუმ საქართველო
გორის მერი “გგ ჰოუმ საქართველოს” 33%-ს ფლობს 2017 წლიდან. აქ მისი პარტნიორები ავთანდილ შოშიაშვილი და დავით კარბელაშვილი არიან. დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ხინჩეგაშვილმა ამ კომპანიიდან შემოსავლის სახით 2 859 ლარი და 23 თეთრი მიიღო.
რეფრეში
შპს “რეფრეშის” 50%-ს მფლობელი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია. მისი პარტნიორი აღნიშნულ კომპანიაში აკაკი მოწონელიძეა. შემოსავალი გორის მერს არც ამ კომპანიიდან არ აქვს.
ლეგასი
სამშენებლო კომპანიაში “ლეგასი” ხინჩეგაშვილის ბიზნეს-პარტნიორები გიორგი იანტბელიძე და მამუკა არევაძე არიან. ამ კომპანიაში ხინჩეგაშვილი 34%-ს ფლობს. დეკლარაციის მიხედვით, შემოსავალი ამ შეთხვევაშიც 0 ლარია.