ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, გურჯაანში ხუთსართულიან კორპუსს დემონტაჟი სჭირდება. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ავარიული მას შემდეგ გახდა, რაც დაახლოებით ათის წლის წინ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ერთ – ერთ სართულზე ძლიერი აფეთქება მოხდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ, კედლებიდან ცემენტის ფრაგმენტები ცვივა და შენობაში ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა.
კორპუსში მცხოვრები ათი ოჯახი, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, ან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟს გეგმავს.
„დემონტაჟს დავიწყებთ, მაშინ როცა გადავწყვეტთ რას ვუპირებთ ამ მოსახლეობას. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, უმეტესობას სხვაგანაც აქვს საცხოვრებელი ფართი. ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით და გავცემთ რეკომენდაციას საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად. თუ ოჯახს საცხოვრებელი არ აქვს, ამაზეც უნდა ვიმსჯელოთ და ქირით გავიყვანოთ. აქ ცხოვრება არ შეიძლება, შენობა რომ დაინგრეს, პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვეკისრება”, – განაცხადა უტიაშვილმა.
კორპუსის დემონტაჟის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საბჭოთა ეპოქაში, გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლებისათვის აშენდა, შემდეგ კი მუნიციპალიტეტს გადაეცა.