ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2021 წლის 1 ივნისიდან საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო, რომელიც სისტემის ფუნდამენტურ და კომპლექსურ გაუმჯობესებას გულისხმობს. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„რეფორმა ითვალისწინებს შემდეგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს:ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა და მინიმალური ხელფასის დაფიქსირება პროგრამაში; სოფლად და ქალაქებში სამედიცინო პერსონალის ბაზისური ანაზღაურების გათანაბრება; შედეგებზე დამყარებული დაფინანსების მექანიზმის ამოქმედება; ბაზისური კაპიტაციური დაფინანსების გაზრდა; სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება; პჯდ სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება/დაწესებულებების მშენებლობა-აღჭურვა; დაწესებულებების ინტერნეტიზაცია/კომპიუტერული უზრუნველყოფა“,-აღნიშნა მან.
მინისტრის განცხადებით, რეფორმა ასევე ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არამხოლოდ ფინანსური, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა.
როგორც მან აღნიშნა, ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა.
„ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, უკვე განხორციელდა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების აღჭურვა ტელემედიცინის 50 აპარატით, რომლებიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მათი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებში ისარგებლონ ციფრული ჯანდაცვის შესაძლებლობებით. დამატებითი 50 ამბულატორია ტელემედიცინის პროექტს ევროკავშირის გრანტის ფარგლებში შემოუერთდება“,-განაცხადა ტიკარაძემ.