ტიკარაძე: გაძლიერდა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები და შეიქმნა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი

300

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2019 წლიდან სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების რეფორმა დაიწყო. როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განმარტა, აღნიშნული მიზნების ეფექტურად განხორციელების მიზნით, 2020 წლის თებერვალში „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ შეიქმნა.

„სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის შედეგად მის მართვაში არსებული სახელმწიფო საწოლფონდი პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1022 საწოლიდან 2000-მდე გაიზარდა.

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალმა კლინიკებმა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაუწია 257 893 პაციენტს. ასევე, ჰოლდინგის კლინიკებში მკურნალობა გაიარა 105 249 COVID პაციენტმა. ჰოლდინგი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას მის მართვაში არსებული დაწესებულებების განვითარებისთვის, რისთვისაც უახლოეს პერიოდში დაგეგმილია არაერთი მასშტაბური ღონისძიება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.