“დაელაპარაკონ ბანკებს და განწილვადება გაუკეთონ” – კალაძის რჩევა მოქალაქეებს 250-ლარიან აბონემენტზე

344

თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სააბონიმენტო სისტემის დანერგვით დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური არ იზრდება. ამ საკითხზე მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შესაძლებლობა და იმის უნარი და მაქვს ეს დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი ამ ყველაფერს, არ მომერიდებოდა. ეს შეიძლება რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეტყოდი პირდაპირ, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე”, – თქვა კახა კალაძე.

ამის შემდეგ მას წამყვანმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხა, რომელმაც თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარია, 1-წლიანი სამგზავრო აბონემენტისთვის 250 ლარის გადახდა გაუჭირდება.

პასუხად მერმა პარლამენტის წევრის წლიური ხელფასი დათვალა და თქვა, რომ წესით, დეპუტატს ამ თანხის გადახდა არ უნდა უჭირდეს. რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, კალაძე ამბობს, რომ მათ შეუძლიათ, ბანკებს მიმართონ და “განწილვადება გაუკეთონ”.

“შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განწილვადება გაუკეთონ, არ მგონია პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის? ყველა იმ ოჯახს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათთვის მგზავრობა არის ან უფასო, ან პენსიონრები იხდიან 10 თეთრს ან 20 თეთრს, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი”, – თქვა კალაძემ. 

შეგახსენებთ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, თუ აქამდე ერთი მგზავრობისთვის 50 თეთრის გადახდა იყო საჭირო, 1 თებერვლიდან ეს თანხა 1 ლარად გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტები დაინერგება.