გორის მერიამ კომპანია “ზუკამშენი” იმის გამო, რომ სოფელ ტინისხიდიში მოსაცდელი არ ააშენა, შავ სიაში შეიყვანა. ინფორმციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2020 წლის 29 ივნისს გაფორმდა, სამუშაოები 3 დღეში უნდა დაწყებულიყო და 31 ოქტომბერს დასრულებულიყო. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 22 140 ლარი.
გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ობიექტი 3-ჯერ შეამოწმეს – პირველად 28 ივლისს, შემდეგ 11 და 23 აგვისტოს.
საბოლოოდ, ტინისხიდის მოსაცდელი აუშენებელი დარჩა. 2021 წლის 9 ნოემბერს გორის მერმა კომპანია შავ სიაში შეიყვანა.