„შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი 16 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში მოსახლეობას შეხვდა. მან მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და „შენების მოძრაობის“ მთავარი პრინციპები და ხედვები განმარტა.
„ყოველდღე რაღაც იცვლება ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ უკეთესობისკენ – ბევრი არაფერი, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე, – 27 წელია, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. სიღარიბე და უსამართლობა დღემდე ვერ დავძლიეთ.
მოსემ ებრაელი ხალხი უდაბნოში 40 წელი ატარა, რომ განწმენდილიყო და თავისუფალი ქვეყანა შეექმნა. ჩვენ იმ 40 წლიდან 27 წელი უკვე დავდივართ. 13 წელიღა დაგვრჩა. თუ ამ ტემპით ვიარეთ, წინ ვერ წავალთ. ქვეყნის სწორად შენების ფორმულა გვჭირდება. ახლა ადვილია ხელის გაშვერა, ვინ რა გააფუჭა.
ყველა, ვინც ამ ქვეყანას პატრონობდა, რაღაცებს აკეთებდა, მაგრამ ხელისუფლებაში ახალმოსული აშენებულის მინგრევ-მონგრევას იწყებდა. ამიტომ ჩვენს მთავარ პრინციპად და ცხოვრების წესად უნდა იქცეს – რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდია – ვცვლით, რაც გვაკლია – ვქმნით.
კარგია, რომ გზები კეთდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, სამუშაო როგორი ხარისხით სრულდება. ამას უნდა მივადევნოთ თვალი, – უფრო იაფად და უკეთ ხომ არ შეიძლებოდა მისი გაკეთება. ქვეყნის სწორად შენება მაშინ ხდება, როცა ყველა თავის ადგილზეა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს პრობლემების მოგვარებაზე. რეალური თვითმმართველობა მოქალაქეების ჩართულობით წყვეტს, რომელ სოფელში რა პრობლემაა მოსაგვარებელი. სერიოზული სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ეყრდნობა. ვისაც ავირჩევთ ადგილზე, თუ ის თბილისისკენ იყურება, პრემიერმინისტრი თუ მისით კმაყოფილია, აღარ აინტერესებს ადგილზე რა ხდება.
„შენების მოძრაობა“ არის მორიგი მცდელობა იმისა, – და არ უნდა დავიღალოთ ამ მცდელობებით, – რომ ხელისუფლებაში საქმის მცოდნე, კომპეტენტური ადამიანები მოვიდნენ. ხარაგაულში ძალიან სერიოზული, გამოცდილი და პროფესიონალი ხალხია. აუცილებელია დამატებითი ენერგიების მოძიება. ყველა საქმეს ლიდერი და გამძღოლი სჭირდება.
ერთი თხოვნა და რჩევა მექნება თქვენთან, რომ ყველა კანდიდატს ერთნაირი მაღალი სტანდარტით მიუდგეთ. კომპეტენტურობა, პრინციპულობა, შრომისმოყვარეობა, პატიოსნება, – ყველას ამ სტანდარტით შევხედოთ. მცდარია მოსაზრება, – სახელისუფლებო კანდიდატს მივცეთ ხმა და ჩვენს სოფელში ბევრი რამე გაკეთდებაო. კონკრეტული კანდიდატი იმის მიხედვით უნდა შეაფასოთ, თუ რა საქმის გამკეთებელია.
2012 წელს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიზნად დავისახეთ ცვლილებები. შემდეგ ნელ-ნელა ავცდით გზას. „შენების მოძრობა“ და ჩვენი კანდიდატები არავისი მტრები არ ვართ. არავის ვემუქრებით, ახლა შენ ჩამოგაგდებთ და ნახე, მერე რას გიზამთ.
ახლა ერთი ფეხი ევროპისკენ გვაქვს და მეორე სადღაც ძველ წარსულში. ნებისმიერი ევროპული სოფელი არაფრით განსხვავდება დედაქალაქისგან, რადგან იქ საბიუჯეტო სახსრები თანაბრად ნაწილდება. სწორად და თანაბრად უნდა გავანაწილოთ ის, რაც გვაქვს. უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ერთ ქვეყანას ვემსახურებით და ეს ქვეყანა ყველას თანაბრად გვპატრონობს. ეს თუ არ მოგვარდა, წინ ვერ წავალთ.
მე თამამად გთავაზობთ და გირჩევთ მხარი დაუჭიროთ „შენების მოძრაობის“ კანდიდატებს.
ხარაგაულში ძალიან ძლიერი კანდიდატები გვყავს. ჩვენ აქცენტს გამოცდილ პროფესიონალ კადრებზე ვაკეთებთ, ვინც თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ საქმის ადამიანია და აქვს უნარი, თანასოფლელებზე იზრუნოს. ხარაგაულში ველით ძალიან კარგ შედეგებს და ეს არა მარტო „შენების მოძრაობისთვის არის კარგი, არამედ ხარაგაულისთვის.
„შენების მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ინგა მაღრაძემ კიცხში მაჟორიტარობის კანდიდატად სიმონ ბერაძე წარადგინა. მისი ინფორმაციით, მათ ხარაგაულში ათ ოლქში ჰყავთ მაჟორიტარობის კანდიდატები და ყველგან ბოლომდე ბრძოლისთვის არიან განწყობილები. „გვინდა, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ წესიერ და პატიოსან ადამიანებთან ერთად,“ – ამბობს ინგა მაღრაძე.
„შენების მოძრაობის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნოდარ ებანოიძემ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა შეახსენა და აღნიშნა, რომ საკრებულოში კამათი და აზრთა სხვადასხვაობა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია.
წყარო: ჩემი ხარაგაული