ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩა N177-თან არსებული შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედლები და ბორდიური მოეწყო, 1 400 კვ.მ ფართობზე კი ბეტონის გზა დაიგო, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ.
„ამ ტერიტორიაზე მხოლოდ გრუნტის გზა იყო, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. პირველ ეტაპზე, გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შეცვალა წყალსადენისა და წყალარინების ქსელი, რის შემდეგაც დავაგეთ გზის საფარი“, – აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 146 300 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.