არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება და შიდა ქართლში პოლიტიკური ტემპერატურაც სულ უფრო იმატებს. ხელისუფლების და ოპოზიციის კანდიდატები ერთმანეთის მიმართ ბრალდებებით გამოდიან. ოპოზიცია ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს, ხელისუფლება კი, ცხადია, ყველა ბრალდებას უარყოფს. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება გორშია, სადაც გუშინდელი თანაგუნდელები დღეს ერთმანეთს კომპრომატებით ებრძვიან, თუმცა, წინა სხვა არჩევნებთან შედარებით, პროცესი გაცილებით მშვიდად მიდის.
წინასაარჩევნო გარემოს შიდა ქართლში რამდენიმე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია სწავლობს. ამ ორგანიზაციების შუალედურ ანგარიშებში რეგიონში მომხდარი დარღვევებიც მოხვდა, თუმცა, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ არსებული შიდა დაპირისპირებაც უარყოფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე.
„გამოიკვეთა, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ დაძაბული გარემოა, იკვეთება შიდაპარტიული დაპირისპირება, რაც წინასაარჩევნო გარემოზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს.
დარღვევების თვალსაზრისით შიდა ქართლის მასშტაბით რამდენიმე შემთხვევა გვაქვს. გორში ჩვენ ვსწავლობთ ორ ფაქტს. ორივე ეხება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კოტე თავზარაშვილის მონაწილეობას სპორტულ ღონისძიებებში. მოგეხსენებათ, ბატონი კოტე ასევე არის გორის მუნიციპალტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და მნიშვნელოვანია, რა სტატუსით იმყოფებოდა ის ამ ღონისძიებებზე. ამ ფაქტებს ჩვენ ვსწავლობთ იმ კუთხით, ხომ არ იკვეთება აქ ამომრჩევლის მოსყიდვა. მართალია ღონისძიებებში მონაწილეობა პირდაპირი წესით ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ წინა პერიოდში ბატონი კოტეს მხრიდან მსგავს ღონისძიებებში ასეთი აქტიური დასწრება არ ფქსირდება“, – ამბობს ბებიაშვილი.
საიას გორის იფისის ხელმძღვანელი გორში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ორი შემთხვევაზეც საუბრობს. ერთი ეხება გელა კაპანაძეს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოქმედი მოადგილე იყო და ამავდროულად ,,ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი. ის სამუშაო საათებში იმყოფებოდა პარტიის ოფისში და ტელეკომპანია „თრიალეთთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არის პოლიტიკური თანამდებობის პირია და შეუძლია პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს. ამასთან დაკავშირებით გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ, საიას საჩივრის საფუძველზე, კაპანაძის 2000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, კაპანაძე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
მეორე ფაქტი ეხება ქარელს, სადაც ,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მოქმედი გამგებელია, ხოლო მის ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდა გამგებლის წარმომადგენელი.
„ასევე, ჩვენ ვაკვირდებით ხომ არ დაიწყო გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის კუთვნილი სამეურნეო დანიშნულების შენობის დაწვის ფაქტზე სოფელ დიცში. მართალია, ეს ფაქტი არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე მოხდა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა, პოლიტიკური ნიშნით ხომ არ მოხდა ამ ფართის დაწვა.
ასევე, ვსწავლობთ ხაშურში მომხდარ ფაქტსაც, როდესაც საუბნო კომისიის წევრები იმყოფებოდნენ ,,ქართულო ოცნების’’ წარმომადგენლის სახლში. მათ თქვეს, რომ ისინი უქმე დღეს – კვირას იქ სარიტუალო ღონისძიებაზე (ორმოცზე) იყვნენ, თუმცა, ცოტა დაუჯერებელია, რომ სარიტუალო ღონისძიება დილის 10 საათზე ყოფილიყო. გარემოებები ძალიან სენსიტიურია და ამიტომ ვსწავლობთ ამ ფაქტს“, – ამბობს ბებიაშვილი.
რაც შეეხება კასპს, საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, აქ რაიმე სერიოზული დარღვევა არ გამოვლენილა. თუ არ ჩავთვლით სოფელ თელიანში მომხდარ ფაქტს, როცა „პატრიოტთა ალიანსის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა ერთმანეთს სცემეს, თუმცა, ეს ფაქტი არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე მოხდა.
წყნარ და პასიურ წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრობს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების გორის კოორდინატორი თეა თედლიაშვილიც. მისი თქმით წინა წლებისგან განსხვავებით, სერიოზულ დაპირისპირება არ მომხდარა. ამასთან, მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა არც პარტიების საარჩევნო კამპანიები და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველიც ცოტაა.
„მშვიდი ვითარება გვაქვს. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, არც ფიზიკური დაპირისპირებები ყოფილა და არც ერთმანეთის ხელისშეშლა და ეს ძალიან მახარებს. ერთი, რაც თვალში მოსახვედრია, ისაა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, პასიურობაა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველების მხრიდან. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე წელს იმდენად ცოტას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული, რომ პრაქტიკულად, კონკურსი არ იყო და ფაქტობრივად ყველა დაინიშნა. ამის გამო, დღეის მდგომარეობით, თუ რომელიმე კომისიის წევრი რაღაცა მიზეზით წერს განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტაზე, საოლქო კომისია კონკურსს აცხადებს ამ ადგილის შესავსებად, რადგან პირველ ეტაპზე გაკეთებული განაცხადებიდან აღარავინაა დარჩენილი. არ ვიცი, რა არის პასიურობის მიზეზი, შესაძლოა, რესურსი არ აქვთ პარტიებს, შესაძლოა ფინანსების ნაკლებობა აქვთ. ფაქტია, რომ თავის დროზე საოლქო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე ძალიან ცოტა განაცხადი შევიდა“, – ამბობს თედლიაშვილი.
რაც შეეხება დარღვევებს, „სამართლიანმა არჩევნებმაც“ გელა კაპანაძის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე შეიტანა ცესკოში საჩივარი. სწორედ ეს ორგანიზაცია ითხოვდა კაპანაძის 2 000 ლარით დაჯარიმებას.
გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიშა ჩიტაძე ამბობს, რომ ამჟამინდელ წინასაარჩევნო გარემოს გასული წლების წინასაარჩევნო პერიოდებიდან ის გამოარჩევს, რომ არც სერიოზული დაძაბულობა იგრძნობა და არც ფართომასშტანიაბი კამპანიები იმართება.
„წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბული ნამდვილად არაა, მაგრამ ვერც კონსტრუქციულს ვერ დაარქმევ. გარემო უფრო წყნარია, ნაკლებ ბანერიანი და ნაკლებ პლაკატიანი. არ არის ფართომასშტაბიანი კამპანიები და არც სერიოზული დაძაბულობები, თუმცა, ბოლოს რა იქნება, არვიცი. არც დიდი დარღვევები გამოკვეთილა და არც სერიოზული დაპირისპირებები. მხოლოდ პატარ-პატარა დარღვევები ჩანს, მათ შორის, მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. აი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგანის ღონისძიებამ, რომელიც წერეთლისა და ლომოურის ქუჩების გადაკვეთაზე მოეწყო, ტრანსპორტის პარალიზება გამოიწვია, გადაადგილების პრობლემა შეექმნათ ფეხით მოსიარულეებსაც. ჯერ ერთი, ეს იყო პირდაპირ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რადგან მაგ ადგილზე სხვა პარტიებს ასეთი ღონისძიების ჩატარების უფლებას არავის მისცემდა და მეორე – უარყოფითი შედეგიც მიიღეს, რადგან ხალხი ძალიან უკმაყოფილო იყო გადაადგილების პრობლემების გამო… რაც შეეხება მერობის კანდიდატების დაპირებებს, უფრო „სადღეგრძელოები“ მგონია, თუმცა, ჯერ ძნელია იმის პროგნოზირება, ვინ რის გაკეთებას შეძლებს. თუ სამთავრობო კანდიდატი გაიმარჯვებს, ალბათ ისევ იმ პოლიტიკას გააგრძელებს რასაც ცენტრში ეტყვიან. ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში კი, გორი გადაიქცევა პოლიტიკურ არენად, რადგან მერი, ალბათ, საკრებულოსთან მუდმივ კონფლიქტში იქნება და ბევრი ვერაფრის გაკეთებას მოახერხებს. პროცესი იქნება საინტერესო, მაგრამ არაფრის მომტანი“, – ამბობს ჩიტაძე.
როგორ ჩაივლის 21 ოქტომბრის არჩევნები, ამის პროგნოზირება, ჯერჯერობით, მაინც რთულია. პოლიტიკური პარტიები, როგორც თავად ამბობენ, ბრძოლას ბოლომდე აპირებენ. საარჩევნო პროცესს კი მონიტორინგს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აქტიურად გაუწევენ.