თელავის მერია უმწეოთა და უპოვართა სახლს, დამატებით დაფინანსებაზე უარს ეუბნება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია უმწეოთა და უპოვართა სახლს, დამატებით 50 ათასი ლარით დაფინანსებაზე უარს ეუბნება. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ამ ეტაპზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში განიხილება, თანხა გათვალისწინებული არ არის.
ინფორმაციას, რადიო ჰერეთთან, საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ბადურ რევაზიშვილი ადასტურებს.
” 93 მოქალაქის განცხადებაა, რომლებიც ითხოვენ ეგრეთწოდებული უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობას. ეს ცოტა არ არის. სწორედ ბენეფიციარების რაოდენობის გასაზრდელად, უმწეოთა სახლი ითხოვდა დამატებით თანხას, რაც ბიუჯეტის ახალ პროექტში ასახული არ არის. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა და ვნახოთ, როგორი იქნება რეაგირება“- განაცხადა რევაზიშვილმა.
თელავის უმწეოთა და უპოვართა სახლის დირექტორი, ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებს.
ნინო აფციაური ამბობს, რომ განმარტება თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გააკეთოს.
თელავის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი, რადიო ჰერეთთან ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში, უპოვართა სახლის მიერ მოთხოვნილი თანხა არ არის გათვალისწინებული.
“ამ ეტაპზე ეს თანხა არ არის გათვალისწინებული, მაგრამ მე ვფიქრობ, მსჯელობის საკითხია. არსებობს ნაშთი ბიუჯეტში, რომელიც შესაძლოა გადანაწილდეს. ერთი საკითხიც არის, რომ მაგდენი ბენეფიციარისათვის ფიზიკურად შესაძლოა ადგილიც არ იყოს. პანდემიის გამო იღებენ სახლში ულუფას, თორემ ზოგადად ხომ ადგილზე იკვებებიან,”- განაცხადა ყუშიტაშვილმა.
თელავის უმწეოთა და უპოვართა სახლში, ამ ეტაპზე, ყოველდღიურად, 2- დან 99 წლის ასაკამდე 535 მოქალაქე იკვებება.