დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, ვის შეუძლია მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სხვა ჯგუფებთან ერთად უფასოდ მგზავრობას კვლავ შეძლებენ მოსწავლეები.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს და ა.შ. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მგზავრობის უფლებით კვლავ ისარგებლებენ სტუდენტები, პენსიონერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები.
„რაც შეეხება შეღავათიან ტარიფებს, 20 თეთრის გადახდით მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებეში მომუშავე მანდატურები და სხვა. ასევე გვაქვს შეღავათიანი, 10-თეთრიანი მგზავრობა სოციალურად დაუცველ ოჯახებთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.