საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ექნება

411

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარესთან ერთად, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეც საკრებულოს თანამდებობის პირი გახდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა იმის აუცილებლობა, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვისაც გავრცელდეს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები.

როგორც საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნავენ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის სწორედ ახალი ვალდებულებების შესრულების ითვალისწინებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილისა და სოზარ სუბარის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა.

„კანონპროექტი პირველი მოსმენით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ცვლილებების შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების და წარდგენის ვალდებულება წარმოიშვება. აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა, სხვა თანამდებობაზე მუშაობის უფლებაც აიკრძალება. კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.