თავშესაფარში მყოფ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის ნახვა სურთ – ხინჩეგაშვილი მათ სურვილზე დუმს

403

ხურვალეთში მდებარე თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნახვა სურთ. მოხუცებმა საკუთარი სურვილი რადიო “მოზაიკას” საშუალებით გააჟღერეს.

“გვინდა, რომ საახალწლოდ, გორის მერი გვესტუმროს. ჩამოვიდეს ჩვენთან და ვნახოთ პირადად”, – ამბობდნენ მოხუცები.

ამ სურვილის გაჟღერების შემდეგ, რადიო “მოზაიკამ” არაერთხელ სცადა გორის მერთან დაკავშირება. საკომუნიკაციოდ, ორგანიზაცია გორის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარესაც დაუკავშირდა. თამაზ შიოშვილი და დავით რაზმაძე ამბობდნენ, რომ მოხუცებისთვის ამ საახალწლო სურვილის შესრულება პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა მას შემდეგ, ორი კვირა გავიდა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კვლავ არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.