ხმალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება

549

თბილისში ტაქსების რეფორმა 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო და მას შემდეგ ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აკრძალულია. 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა.

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს თბილისის მერიაში მიმდინარე წლის ბოლოდ აანონსებენ. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე ორი კვირა რჩება, დღესაც არ არის რეფორმასთან მიმართებით კონკრეტული დეტალები ცნობილი.

როგორც თბილისს ვიცემერი ამბობს, ამ მიმართულებით სამუშაოები ჯერ კიდევ დასასრულებელია. მისი განმარტებით, მორიგი ცვლილებები ტაქსების ბაზარზე ეკონომიკურ პირობებს გააუმჯობესებს.

“ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა განხორციელდება მიმდინარე წლის ბოლოს. ამასთან დაკავშირებით ჯერ დასასრულებელია შიდა სამუშაოები, რაზეც ვმუშაობთ, პირადად მე ვარ ჩართული ამ მიმართულებით. შემდგომში ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ამ სერვისის გამწევ კომპანიებთან და ადამიანებთან და ისე განვახორციელებთ რეფორმის მესამე ფაზას. თუ რა პირობებს შეიცავს ამაზე დღეს არ ვისაუბრებ, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ მესამე ფაზა მიმართული იქნება მომსახურების და ტაქსების ბაზარზე ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე”, – აცხადებს თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე.