ქარსელაძე: სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები მომზადდა

376

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საქართველოს სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები მომზადდა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები არის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და დასაქმებას.

„საქართველოს სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები მომზადდა, რომელიც დაინიცირდება და რომლის ფარგლებშიც შემოვიდა ჩვენი ტერიტორიის განმარტება და რეალურად ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომ დაინტერესებულმა ინვესტორებმა, თუ კერძო პირებმა მოახდინონ შესაბამისი ტერიტორიების ათვისება განაშენიანებისთვის.

დღეის მდგომარეობით, არსებული კოდექსი არ იძლეოდა ამის შესაძლებლობას და ამ ცვლილებების შემდეგ უკვე კერძო პირებს შეეძლებათ, როგორც გენერალური გეგმის კონცეფციის, დეტალური გეგმის და შესაბამისი სივრცითი დოკუმენტების დამუშავება, რაც ხელს შეუწყობს იმ პროცედურული ასპექტების დარეგულირებას და შემდგომში უკვე მეტი წარმატებული პროექტის მიღებას. მსხვილი საინვესტიციო პროექტის ცნება შემოდის, რომლის ფარგლებშიც უკვე კონკრეტულ არეალებში იქნება შესაძლებელი ამ განმარტებას დაქვემდებარებული შესაბამისი პროექტების განვითარება, შესაბამისი ხელშეწყობა და უკვე დარეგულირება აღნიშნული საკითხის.

მნიშვნელოვანია, რომ უშენ ტერიტორიებზე ასევე გათვალისწინებულია უკვე არსებული კანონმდებლობით შესაბამისი ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია განაშენიანება და უკვე ამ ჭრილში პირდაპირ იქნება შესაძლებელი დამუშავდეს შესაბამისი სივრცითი დოკუმენტი. განსაკუთრებული რეგულირების სტატუსის მინიჭება არამხოლოდ ნაშენ, არამედ უშენ ტერიტორიებზეც იქნება შესაძლებელი და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ რეალურად მეორე კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტაციაზე არ იქნება საჭირო არქიტექტურული პროექტის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული სქემა-პროექტი, ტექნოლოგიური სქემის პროექტი, საექსპერტო დასკვნების მომზადება, გამომდინარე დაბალრისკიანობიდან, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად დააჩქარებს პროექტს და საბოლოო ჯამში ამდაგვარი რეგულირებები ასევე, ეხება სტადიებთან მიმართებაში – სამსტადიანი ნებართვის პირობებში, რომ დასკვნები იმ სტადიის შესაბამის დოკუმენტაციაზე იყოს წარმოდგენილი. ძირითადად ეს ცვლილებებია, რომელიც არის უფრო მეტად ხელმისაწვდომობა, ახალი არეალების გაჩენა, ოღონდ ამ არეალების გეგმარების შესაბამისად განვითარება, რითაც თავს ავარიდებთ რაიმე ქაოტურს და პირიქით, ეს იქნება შინაარსიანად გააზრებული, ამის მაგალითები გვაქვს, თუმცა რაც შეეხება უშენ ტერიტორიასთან მიმართებაში – ეს საკითხი არ იყო მოცული არსებული რედაქციით“, – განაცხადა ქარსელაძემ.