ისნის რაიონის გამგებლის, ნიკოლოზ ელისაშვილის განცხადებით, გუშინ ვაზისუბნის ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმარება.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ დროისთვის თბილისის ლაბორატორიული სამსახური კორპუსის მდგრადობას ამოწმებს.
ამასთან, გამგებლის განცხადებით, კორპუსის მდგრადობის შესახებ დასკვნა სავარაუდოდ დღის განმავლობაში იქნება.
„მიმდინარეობს ზარალის დათვლა, მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად დაეხმარება ყველა დაზარალებულ ოჯახს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 5 ოჯახი არის სასტუმროში გადაყვანილი, ვიდრე საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან, მათ ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი.
დღის განმავლობაში ველოდებით დასკვნას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია გავიგოთ რა მდგომარეობაშია კორპუსი, როგორც კი გავიგებთ რა მდგომარეობაშია კორპუსი და მზიდი კედლები, ეტაპობრივად მოხდება მოსახლეობის შესახლება”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, გამგებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული 2 პირი დღეს საავადმყოფოდან გაწერეს.
„1 ადამიანის მდგომარეობა ამ ეტაპამდე მძიმეა, საავადმყოფოდან გამოწერილია 2 ადამიანი და ველოდებით რომ დანარჩენ 2 ადამიანსაც გამოწერენ”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ვაზისუბანში კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება გუშინ მოხდა.