თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ინვესტორმა მუნიციპალიტეტის მთავრობას კუს ტბის განვითარების გეგმა უკვე მიაწოდა. მისივე თქმით, ინვესტორს ტერიტორიის განვითარებისთვის საჭირო ფინანსური რეს ურსიც გააჩნია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
“კუს ტბის განვითარების გეგმა ინვესტორმა მოგვაწოდა. საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ თავად მფლობელებთან და შევიმუშავეთ გარკვეული კონცეფცია, ეტაპები და ახლა შეგვიძლია ვიმუშაოთ ისტორულ საბჭოსთან, რომ საბოლოო პოზიციები ჩამოვაყალიბოთ. შესაძლოა, პროცესში ჩაერთონ დაინტერესებული პირები, ექსპერტები და მათთან ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. მთავარია ის, რომ ტერიტორიის მფლობელებს ამ ტერიტორიის მოწესრიგების, განვითარებისა და ცოტა უფრო ლამაზი რეკარეაციული სივრცეების მოწყობის ინტერესი აქვთ. ასევე კარგია ის, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ეს კი იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ შეგვიძლია მალე შევადგინოთ და დავამტკიცოთ კუს ტბის განვითარების გეგმა”, – აცხადებს ხმალაძე.
ცნობისთვის, 2012 წლიდან კუს ტბის ტერიტორიას კომპანია შპს „კუს ტბა კალა“ ფლობს. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მფლობელი კომპანია შპს „კუს ტბა კალას“ რამდენიმე მეწილე ჰყავს, მათ შორის კი ყველაზე დიდი 68%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება “უოლმილ სერვისი” ფლობს. 7%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ კიკაბიძეა, კუს ტბის ტერიტორიის 5%-იანი წილი სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული „არქენსთოუნ მენეჯმენტ ლიმიტედს“ ეკუთვნის, ხოლო 20%-ს შპს „ები ქეპიტალი“ ფლობს, რომელიც პანამაშია რეგისტრირებული