“ლიდერთა საბჭოს” წევრები ოპოზიციონერ კანდიდატებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ

1259

“დემოკრატიული მოძრაობის” ოფისში “ლიდერთა საბჭოს” შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას 15-მდე პარტიის ლიდერი, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ლიდერთა საბჭოში” შემავალმა პარტიებმა უცხოელ სტუმრებს წინასაარჩევნო გარემო გააცნეს.”ლიდერთა საბჭოს” წევრების თქმით, მათ ისაუბრეს ზეწოლის შესახებ, რომელიც ოპოზიციური პარტიების მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ხორციელდება, გაკეთდა პრეზენტაცია წინასაარჩევნოდ მედიაგარემოსთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და სხვა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, “ლიდერთა საბჭოში” შემავალი პარტიებისთვის პარტიული ინტერესები წინა ხაზზე არ არის წამოწეული. მათი მიზანია მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, რადგან აღნიშნული პარტიებისთვის არსებული პრობლემები საერთოა.

“სრულიად ნათლად ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს ყველა შემთხვევაში არჩევნებში გაიყვანოს ბოკერიას პარტია. ვთვლი, რომ “ლიდერთა საბჭოს” ამ ფორმატს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ერთია, როდესაც ერთი პარტია საუბრობს გაყალბებაზე და სულ სხვა ძალა აქვს, როდესაც რამდენიმე პარტია აფიქსირებს ერთი და იგივე პრობლემას. რატომ ხდება, რომ მერობისა და მაჟორიტარობის მოხსნილი კანდიდატების 90% არასახელისუფლებო პარტიების წევრია. არის პირდაპირი ზეწოლის ფაქტები”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში მოხსნილი კანდიდატები ზეწოლის მიზეზებზე არ საუბრობენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი