CNN სვანეთის შესახებ სტატიას აქვეყნებს

589

„სვანეთი: კარიბჭე საქართველოს უძველესი მთიანეთისკენ“ – ამ სათაურით ამერიკული გამოცემა CNN სტატიას აქვეყნებს, რომელშიც რეპორტიორი მელანია ჰემილტონი მაღალმთიანი სვანეთის ხედებსა და თვალწარმტაცობაზე საუბრობს. სტატიაში ჟურნალისტი სვანულ საშობაო ტრადიციებზეც წერს და ამბობს, რომ „ერთმანეთთან დაკავშირებული შუა საუკუნეების პაწაწინა დასახლებებით, ტერიტორია ცნობილია თავისი გამორჩეული მაღალმთიანი კულტურით, იდუმალი ხალხური წეს-ჩვეულებებით და უძველესი ადგილობრივი ენით“.

ჟურნალისტი სტატიას შუა საუკუნეების სვანურ საგუშაგო კოშკების სურათებსაც ურთავს და განმარტავს, რომ მათი უმეტესობა მესტიაშია განთავსებული, სადაც ლაშქრობა საშუალოდ 3-5 დღეს გრძელდება. ცხადია, ყურადღების მიღმა არ ტოვებს ქართულ სტუმართმასპინძლობის ტრადიციებს და არც სვანური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი გემოები რჩება.

სტატიაში, ასევე, მოხსენიებულია სოფელი ადიშიც, რომელიც ისტორიული ადგილებით მდიდარია. მათ შორისაა მე-12 საუკუნის ძეგლი – წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. საუბარია უშგულზეც და ტრადიციულ ფოლკლორულ შტრიხებზეც.

ბოლოს, სტატიის ავტორი მკითხველებს ურჩევს, რომ სანახავი ტურისტული მარშრუტების სიას სვანეთიც აუცილებლად შემატონ.