გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გენადი ბესტაევს მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრა, სიმართლეს არ შეესაბამება.
გორის მერია განმარტავს, რომ ის ,,საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებულია 15000 ლარით.
მერიის ინფორმაციით, ასევე განმარტავს, რომ შესაძლებელია გენადი ბესტაევის, როგორც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის დახმარება, რისთვისაც პაციენტის ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
„განვმარტავთ, რომ გენადი ბესტაევის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თხოვნით განმცხადებელმა დავით ქაცარავამ ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის 14 დეკემბერს მიმართა. მოქალაქე გენადი ბესტაევი საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონის მცხოვრებია და ,,საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებულია 15000 ლარით. ამ ეტაპზე სამინისტროში განსახილველად წარდგენილია
დარჩენილი გადასახდელი თანხის (თანაგადახდის წილი – 7275 ლარი) შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია.
საკითხი განიხილება კომისიის უახლოეს სხდომაზე და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელი ინფორმირებული იქნება დაუყოვნებლივ.
გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ „2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მიხედვით შესაძლებელია გენადი ბესტაევის, როგორც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის დახმარება, ამისთვის პაციენტის ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც მოქალაქე დავით ქაცარავას როგორც სიტყვიერად ასევე წერილობით ეცნობა, თუმცა ამ დრომდე მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.
გორის მერია კვლავ გამოთქვამს მზაობას კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, მოახდინოს წესის მიხედვით განსაზღვრული თანხის გადარიცხვა ბესტაევის მკურნალობის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.