„არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების” პროგრამის განხორციელების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

399

დუშეთის კულტურის სახლში ხუთმა მონაწილე მხარემ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების“ პროგრამის განხორციელების შესახებ.

მემორანდუმი ერთმანეთთან აკავშირებს ერთი მხრივ, განვითარების სფეროში ჩეხეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების დახმარებასა და მეორე მხრივ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტს, არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი განვითარების მიზნით.

პროგრამის ფარგლებში:

  • გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის გზით;
  • გაუმჯობესდება განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების ხარისხი რეგიონში;
  • დაიხვეწება კარგი მმართველობისა და გარემოსადმი მეგობრული მართვის პრაქტიკა რეგიონში, ტყეების მდგრადი განვითარების ჩათვლით.

პროგრამა 2021-2024 წლებში განხორციელდება და მისი საერთო ბიუჯეტი 2.1 მილიონი ევროა, რომლის 66%-საც ჩეხეთის განვითარების სააგენტო დაფარავს, ხოლო 34%-ს – ავსტრიის განვითარების სააგენტო. სლოვაკეთის რესპუბლიკა დამატებითი აღჭურვილობით შეიტანს წვლილს პროექტში, ხოლო საქართველოს მხრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დუშეთის მერია პროგრამას ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას გაუწევენ.

პროგრამა ნაწილობრივ უკვე დაწყებულია და აქტივობები ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით, როგორიცაა ახლად შექმნილი არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის გადამზადება მდგრად მართვასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში, საგრანტო კონკურსები ადგილობრივი მცირე ბიზნესისთვის, რომლებსაც „ფიფლ ინ ნიდი“ ახორციელებს და ტყის აღრიცხვისა და მდგრადი გამოყენების ინიციატივა, რომელიც ასევე წვლილს შეიტანს არაგვის დაცული ლანდშაფტის ეფექტიან მართვაში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომას მიულმანმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პაველ ვიზდალმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ. პროგრამის გუნდმა და განმახორციელებლებმა წარადგინეს მოკლე პრეზენტაციები უკვე განხორციელებული აქტივობების შედეგების შესახებ.

„ეს პროგრამა დაიწყო ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის მიმართულების ფარგლებში, როგორც მოკრძალებული ინიციატივა ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიების განვითარების მხარდასაჭერად, თუშეთის დაცულ ტერიტორიებში ჩვენს წინა წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. დროთა განმავლობაში პატარა პროექტი გადაიზარდა მულტისექტორულ ინიციატივაში, რომელსაც მხარს უკვე რამდენიმე დონორი უჭერს. მართალია, პროგრამა ჩვენს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პრიორიტეტში ჯდება, ჩვენ ვცდილობთ, რომ მას გადაკვეთა ჰქონდეს სხვა მიმართულებებთანაც, რომლებსაც ასევე მხარს ვუჭერთ რეგიონში, როგორებიცაა პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების მხარდაჭერა, მცირე საგრანტო პროექტები (არაგვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პროექტი) და სხვა დაგეგმილი აქტივობები სოციალური ინკლუზიისა და კატასტროფების რისკის შემცირების (მეხანძრეთა გადამზადება) მიმართულებით“, – განაცხადა პეტრ მიკისკამ.