პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში საარჩევნო კამპანიის დროს ზარ-ზეიმით გახსნილ ნასაკირალის საჯარო სკოლაში, დღემდე არც გათბობა ფუნქციონირებს და შენობას წყალიც არ მიეწოდება. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.
ადგილობრივი დეპუტატი ენმ-დან, ბესო ქათამაძე აცხადებს, რომ შენობაში წყალიც ჩამოდის, ამ მიზეზების გამო სკოლაში სასწავლო პროცესი ხარვეზებით მიდის.
ქათამაძის თქმით, თანასოფლელებმა სკოლისათვის წყლის ავზები მოიპოვეს, თუმცა სკოლის ადმინისტრაციას მისი დამონტაჟების უფლება ზემოდან არ მისცეს, ვინაიდან ავზების მოპოვებაში ნაციონალები იყვნენ გარეული.
ქათამაძის ინფორმაციით, რამდენიმე მილიონ ლარად აშენებულ ნასაკირალის საჯარო სკოლაში ბავშვებს საპირფარეშოში წყლის პრობლემა ჰქონდათ, რის გამოც დეპუტატს დახმარებით მიმართეს, მის მიერ შეძენილი 5 ტონიანი წყლის ავზზე კი, ოზურგეთის მერმა უარი განაცხადა:
“ძალიან პატარა კაცი აღმოჩნდა ჩვენი ქალაქის მერი, ავთუკა თალაკვაძე, ბავშვებისთვის, რომ წყლის პრობლემა მოგვეგვარებინა სწორედ, ამისთვის შევიძინეთ ეს ავზი, თუმცა მან დირექტორს განუცხადა, რომ ეს არ სჭირდებოდა, რადგან ოპოზიციის მიერ იყო შეძენილი”, – ამბობს ქათამაძე თავის ჩართვაში.
გარდა ამისა, როგორც ენმ-ის დეპუტატი აცხადებს 8 მილიონად აშენებულ სკოლაში, სხვა პრობლემებიც ფიქსირდება. მათ შორის არ მუშაობს გათბობა, სახურავიდან ჩამოდის წყალი:
”ვფიქრობ, რომ ეს 4 წელი მათთან მუშაობა, ეს იქნება ძალიან რთული, რადგან ბუნებით პატარა ადამიანები არიან. ეს ადამიანი (ავთო თალაკვაძე) საერთოდ არ არის ორიენტირებული პრობლემის მოგვარებაზე, მას იმის შიშები აქვს, რომ ოპოზიციამ, რამე სასიკეთო არ გააკეთოს ამ ბავშვებისთვის. ახლა, ჩვენ მას ვაძლევთ ძალიან მცირე დროს, რომ ეს პრობლემა გადაჭრას. თუ მათ სიტუაციის გართულება არ უნდათ, 400 ბავშვს ორ თვეზე მეტია გათბობა არაა აქვთ და ეს მოაგვარონ. ტვინები რომ აქვთ გახურებული და ასე ვიწროდ რომ აზროვნებენ, ჯობს იმაზე იფიქრონ, როგორ მიხედონ ბავშვებს. ახლა, ეს პატარა კაცები იმაზე არიან ორიენტირებული, სუს როგორ აარჩევინონ სოფლის რწმუნებული. ამ დროს კი, გაჭირვებული ადამიანებისთვის, პრობლემები უფრო მრავლდება და ამაზე არავინ არ ფიქრობს,”- ამბობს ბესო ქათამაძე.
სკოლის დირექტორი სპარტაკ გოგიტიძე კი ამბობს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და გათბობაც ჩაირთვება და წყალიც.
მორიგი საკრებულოს სხდომა იანვარშია. დირექტორი კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან მისი თქმით კარგი ამინდებია.