პარლამენტის მსგავსად, უმრავლესობა და ოპოზიცია მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც ჩამოყალიბდება. პარლამენტში განსახილველად წარდგენილია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლების: სოზარ სუბარის, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ ჯაფარიძის, ბექა დავითულიანის, ანზორ ბოლქვაძისა და დიმიტრი სამხარაძის საკანონმდებლო ინიციატივაა.
საკანონმდებლო ცვლილებებით, ადგილობრივ საკრებულოებში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები გაჩნდება და მათი ფორმირების წესი და პროცედურა განისაზღვრება.
ამასთან, ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ეძლევა უფლებამოსილება საკუთარი შეხედულების შესაბამისად საკრებულოს კომისიის წევრობაზე უარი თქვას, თუმცა შეეძლება საკრებულოს ერთი ან მაქსიმუმ ორი კომისიის შემადგენლობაში გაწევრდეს.