თბილისის მერია მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძაზე რესტორნის გახსნას მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, პროექტისთვის ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური კვლევები მიმდინარეობს.
„ამ პროექტთან დაკავშირებით მერიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური კვლევები. ასევე ხდება ანძის მდგრადობის შესწავლა და ტექნიკური მოთხოვნების დადგენა თუ რა ტიპის გამაგრებითი სამუშაოები სჭირდება იმისთვის, რომ პროექტი განხორციელდეს. ამ კვლევების დასრულების შემდეგ მშენებელი კომპანია გადავა ნებართვის მიღების ეტაპზე; შემდეგ დაიწყება მშენებლობა. ჯამში, პროექტი 4-წლიანია – ხელშეკრულების გაფორმებიდან რესტორნის გახსნამდე. კონტრაქტი მოქმედია, ვმუშაობთ ინვესტორთან ერთად. სამუშაოები საწყის ეტაპზეა“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.