თბილისში არსებული საქალაქთაშორისო ავტოსადგურების მოსაწყობად მერია ტენდერს გამოაცხადებს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ პროცესში ავტოსადგურების ტერიტორიის მესაკუთრეებიც ჩაერთვებიან.
„თბილისის მერია წარადგენს საქალაქთაშორისო ავტოსადგურების განვითარების კონცეფციას. აქედან გამომდინარე, როგორც სხვა არეალებთან მიმართებაში, გამოვაცხადებთ ტენდერს და შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები დაამუშავებენ ყველა იმ არეალს, სადაც ისტორიულად განთავსებულია საქალაქთაშორისო ავტოსადგურები. პროცესში აუცილებლად იქნებიან ჩართული მიწის მესაკუთრეები, რათა არ დაირღვეს, ერთი მხრივ, მათი ინტერესები და მეორე მხრივ, აღნიშნული სერვისი აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, რათა მოქალაქეებმა შეძლონ კომფორტულად გადაადგილება“, – განაცხადეს თბილისის მერიაში.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია, აქედან პირველი კლასის ავტოსადგური მხოლოდ სამია – შპს „ოკრიბა“, სს „თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი“ და შპს „ლილო ჩარტერი“. მეორე კლასისაა 6 ავტოსადგური, ხოლო მესამე კლასის – 15.