კერძო ინიციატივიდან სოლიდარობის არაფორმალურ ქსელამდე და ურთიერთდახმარების კულტურამდე

1302

ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

1916 წელს გაზეთმა “საქართველომ” გამოაქვეყნა ახალციხელი ექიმის, გიორგი გამრეკელის ანდერძი, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის ნაანდერძევი თანხა შემდეგნაირად იყო განაწილებული:

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას  ̶ 1000 მან., ახალციხის გიმნაზიას  ̶ 2000 მან., ახალციხის უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელს  ̶ 1000 მან., ღარიბებს  ̶ 1000 მან., ქუთაისის მწვანეყვავილას და წმ. გიორგის ეკლესიებს  ̶  500-500 მან., რაბათის (ახალციხე) საქალებო სკოლას  ̶  1000 მან., რაბათის ქართულ ბიბლიოთეკას  ̶  500 მან., რაბათის სამართლმადიდებლო სასაფლაოს მოსაწყობად  ̶  1000 მან., ახალციხის თვითმმართველობას კი  ̶  2000 მან., იმ პირობით, რომ “ამ ფულის პროცენტების ნახევარი უნდა მოხმარდეს გარდაცვალებულის სამი ნათესავის აღზრდას, ხოლო მეორე ნახევარი უნდა მოხმარდეს სამ სტიპენდიას მისის ხელობისა და აღიზარდოს უღარიბეს მკვიდრთა შვილები განურჩევლად გვარტომობისა და სარწმუნოებისა”.[1]

წიგნში – “ინიციატივა ცვლილებისათვის სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე” – საზოგადოებრივი ურთიერთდახმარებისა და ქველმოქმედების ასზე მეტი წლის წინანდელი ამბებია მოთხრობილი, მათ შორის, ზემოთ მოყვანილის მსგავსი. ამბები იმისა, თუ როგორ ახერხებდნენ განსხვავებული შეხედულებებისა და შესაძლებლობების ადამიანები ან საზოგადოებრივი ჯგუფები საერთო მიზნისათვის თვითორგანიზებას და თანხების შეგროვებას დახმარების საჭიროების მქონეთათვის. როგორ ინაწილებდა პასუხისმგებლობას მდიდარი და ღარიბი.

სათემო განვითარების ცენტრი (CDC), პარტნიორებთან ერთად, 2015 წლიდან მუშაობს კვლევით-საგამომცემლო სერიაზე – “ინიციატივა ცვლილებისათვის”, რომლის პირველი ორი წიგნი, “თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე” 2015-2016 წლებში გამოიცა. წიგნებში აღწერილია ოცამდე ისტორია, რომლებიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის ათიან წლებში ცალკეული ინიციატორებისა და განმანათლებლების მიერ წამოწყებულ სათემო, სასოფლო განვითარებაზე მიმართულ საქმიანობას ეხება. ეს ამბები კარგად აჩვენებს საქართველოში იმხანად მიმდინარე საზოგადოებრივ და სათემო პროცესებს. მთავარი ფოკუსი კერძო ინიციატორებზეა მიმართული, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც საერთო საქმისათვის იწყებდნენ მოქმედებას.

კვლევა “ინიციატივა ცვლილებისათვის” იმთავითვე ერთგვარ საგამომცემლო სერიად ჩავიფიქრეთ და ჩვენი დიდი სურვილი იყო, ამ საქმიანობაში თემატურად ჩართულიყო მაქსიმალურად ბევრი დაინტერესებული ორგანიზაცია, მხარდამჭერი, მკვლევარი და სხვა პარტნიორი, რათა საბოლოოდ, საერთო, სამოქალაქო ძალისხმევით, მოგვეხერხებინა საქართველოში 1921 წლამდე მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლა, აღდგენა და დაინტერესებულ მკითხველამდე მიტანა. “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით გამოცემულ პირველ ორ წიგნში შესული ოცამდე ისტორიული მაგალითი დღესაც არაერთი ადამიანისა თუ ჯგუფისთვის იქცა შთაგონების წყაროდ. ამ ამბებმა შეგვახსენა ხანდახან საფუძვლიანად მივიწყებული ჩვენი ახლო წარსული, კერძოდ, საზოგადოებრივი და სამოქალაქო ძალისხმევის გამოცდილება, საერთო საქმის გარშემო თვითორგანიზების კულტურა თუ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის მიდგომები.

იდეა, გვეკვლია სამოქალაქო, სათემო სოლიდარობისა და მატერიალური ურთიერთდახმარების კულტურა და ფორმები, იმთავითვე გაგვიჩნდა, რადგან საარქივო კვლევისას განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ამგვარი შინაარსის ინფორმაცია და მაგალითების სიმრავლე. ეს საკითხები სხვადასხვა დროს არაერთ ავტორს უკვლევია განსხვავებული რაკურსით. ჩვენი მიზანი იყო, უშუალოდ ძველ პერიოდიკასა და სხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით შეგვესწავლა ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის კულტურის ზოგადი ტენდენციები და მასშტაბი და არა, მაგალითად, კონკრეტულ რეგიონში მოქმედი ესა თუ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია. თემა მომავლისთვის მოვინიშნეთ, თუმცა, პირველ წიგნში შეტანილია სათემო თვითორგანიზებისა და საერთო სიკეთისთვის თანხების შეგროვების მრავალწლიანი კამპანიის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი  ̶  ქვემო მაჩხაანის თეატრის მშენებლობის ამბავი.

სიმბოლურია, რომ საზოგადოებრივი სოლიდარობის ისტორიულ კვლევაზე მუშაობა და წიგნის გამოცემა, ამჟამად უკვე ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, 2020 წლის ზაფხულში დავიწყეთ, მაშინ, როცა, COVID 19-ის პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვებისა და ჩაკეტილობის გამო, უამრავ ადამიანს ურთულესი პერიოდი დაუდგა და ჩვენმა საზოგადოებამ, როგორც მას განსაკუთრებით (თუმცა, არა მარტო) კრიტიკულ და კრიზისულ მომენტებში სჩვევია, თანაგანცდის, მობილიზებისა და ურთიერთდახმარების ძალიან მაღალი კულტურა გამოავლინა. ეს იყო პერიოდი, როცა, მაგალითად, ახალგაზრდები ერთიანდებოდნენ ხანდაზმულების დასახმარებლად; მათი ნაწილი უნივერსიტეტების დაკეტვის გამო სოფლებსა და რეგიონებს დაუბრუნდა და იქ, ადგილებზე, თავთავიანთ სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების დახმარებას შეუდგა. ზოგჯერ მიმოსვლისა და სავაჭრო მიმოქცევის შეზღუდვის გამო ცალკეული ფერმერები და გლეხები ვერ ახერხებდნენ სეზონური, მალფუჭებადი პროდუქტის გაყიდვას და საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობდა მათ დახმარებას. შეუძლებელია, არ გავიხსენოთ კახელი მებაღის ისტორია, რომელსაც წლებით ნალოლიავები ტიტების ბაღი უხმებოდა გასაღების ბაზრის შეზღუდვის გამო და სოციალურ ქსელში წამოწყებული, ფონდების მოძიების კამპანიის შედეგად, შემომწირველებმა ერთ ღამეში “შეისყიდეს” ასობით ტიტა, ანუ მათი საფასური შეაგროვეს კერძო ფერმერის სასარგებლოდ.

ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ ონლაინ-ფანდრაიზინგის არაერთი კამპანია ცალკეული ოჯახების დასახმარებლად. ზოგიერთს პროდუქტი სჭირდებოდა, ზოგს  ̶  წამალი ან ტექნიკა.

განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ის გარემოება, რომ მარტოხელა ხანდაზმულების უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა ტელეფონი და ტელევიზორი და, შესაბამისად, ისინი ვერ იღებდნენ ინფორმაციას პანდემიის შესახებ, ანდაც, ავადობის შემთხვევაში, ვერ უკავშირდებოდნენ სასწრაფოს. მნიშვნელოვანი პრობლემები წამოწია წინ სასკოლო პროცესის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამაც, რადგან ძალიან ბევრ მოსწავლეს არ ჰქონდა ან ინტერნეტი, ან საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა (ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი), რათა სრულფასოვნად ჩართულიყო სასწავლო პროცესში. ამ პრობლემების მოგვარებას არაერთი საზოგადოებრივი ინიციატივა ცდილობდა მოქალაქეების ჩართულობით, ანუ მოქალაქეების მიერ გაღებული თანხების მობილიზებით. ასეთი მაგალითები იმ პერიოდში მრავლად იყო და იმედს ვიტოვებთ, მალე მათი შეგროვება-დაარქივება-შესწავლის დროც მოვა.

ზოგადად, პანდემიამ ჩვენს ქვეყანაში არსებული უამრავი პრობლემა გააშიშვლა და ასევე, საზოგადოებაში დაგროვილი სოლიდარობის ძლიერი მუხტი წამოწია წინ, ის, რაც არაკრიზისულ ვითარებაში, ერთი შეხედვით, უფრო ნაკლებად ვლინდება ხოლმე; თუმცა, თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ საქმეში, ეს მოსაზრებაც მარტივად გაქარწყლდება და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და მოქალაქეები, უკვე მრავალი წელია, ერთიანდებიან ურთიერთდახმარების მიზნით. განსაკუთრებით ხშირია, მაგალითად, სოლიდარობა და თანხის შეგროვების კამპანიები, საქველმოქმედო აქციები იმ დროს, როდესაც ამა თუ იმ ჩვენს თანამოქალაქეს საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება; ასევე, ჩვენ ხშირად გვხვდება მოწოდება, ჩავერთოთ ერთჯერად საქველმოქმედო აქციაში, რომელიც, მაგალითად, სიღარიბესთან ბრძოლას და, ამ მხრივ, კონკრეტული ოჯახების მატერიალურ დახმარებას ისახავს მიზნად. სოციალური თემატიკის სიმრავლე, სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ რეალობას აირეკლავს და ღრმა კრიზისის გამოძახილია.

იქ, სადაც უჭირს სახელმწიფოს და ერთგვარი „ჩავარდნა“ აქვს, მოქალაქეები ერთმანეთის იმედად რჩებიან და ერთმანეთის უკეთ ყოფნისთვის იბრძვიან. როგორც ჩანს, სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გამოცდილება ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო არც ადრე ყოფილა, მეტიც, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ეს შთამბეჭდავი და მასშტაბური მოძრაობა მთელ ქვეყანას იყო მოდებული არაფორმალური ქსელივით და წარმოუდგენლად მაღალი სოლიდარობის კულტურას ეფუძნებოდა.

სოლიდარობის პროცესში სხვადასხვა სოციალური ჯგუფი თუ ინდივიდი მონაწილეობდა მთელი საქართველოდან და არა მარტო. კონკრეტული მიზნისთვის თანხის შეგროვებაში ერთვებოდნენ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები და ა.შ. ეს იყო თანადგომისა და სამოქალაქო ჩართულობის ერთგვარი არაფორმალური ქსელი, რომელიც საზოგადოებრივი საჭიროების შესაბამისად რეაგირებდა და სულერთი იყო, სად, რომელ მხარეში დგებოდა დახმარების საჭიროება.

ადამიანები ერთიანდებოდნენ ღარიბების, მარტოხელების, უპოვრების, სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებული მოქალაქეების, გაჭირვებული სტუდენტების დასახმარებლად. ერთვებოდნენ ეპიდემიით გამოწვეული კრიზისების დაძლევაში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერასა და პირველი რესპუბლიკის პერიოდში – ჯარის დახმარების კამპანიაშიც კი.

კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ ეს, ერთი შეხედვით, სპონტანური და თითქოს სტიქიური დახმარების აქციები, სინამდვილეში ერთგვარ ტენდენციას, რაღაც უფრო დიდი პროგრამის ნაწილს წარმოადგენდა. პროგრამისა, რომელიც განმანათლებლებმა, ცალკეულმა ინიციატორებმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს ეროვნული იდენტობის ფორმირებისა და საზოგადოების გამთლიანების მიზნით. სწორედ ამ ერთიან სქემაში იყო საჭირო თანმიმდევრული მიდგომა იმ საკითხებისადმი, რომლებიც საერთო მიზნის გზაზე დაბრკოლებებს ქმნიდა. იქნებოდა ეს განათლების, კულტურის, სამეურნეო ცოდნის გავრცელების, სიღარიბესა და მცირემიწიანობასთან ბრძოლისა თუ სხვა მრავალი საკითხი.

სრულიად გამორჩეულია იმდროინდელი პრესის როლი ზემოაღნიშნულ პროცესებში და, მათ შორის, სოლიდარობის კამპანიების მხარდაჭერაში. ერთიანი ფონდები, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტული თემისათვის იქმნებოდა, ხშირად სწორედ გაზეთების რედაქციასთან არსებობდა. გარდა იმისა, რომ რედაქციები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროცესის თანაორგანიზატორად და ინიციატორად გვევლინება, მათმა ფურცლებმა შემოგვინახა ეპოქის სულისკვეთება და დღევანდელი მკვლევრებისთვის ასე მნიშვნელოვანი ინფორმაცია საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესახებ.

ამ წიგნში თავმოყრილი მრავალფეროვანი მაგალითების შეგროვებისა და ანალიზის მიზნით, პროექტის ფარგლებში დამუშავდა 1890-1921 წლების ისეთი პერიოდული გამოცემები, როგორებიცაა „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „საქართველო“, „სამშობლო“, „ერთობა“, „სახალხო საქმე“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „იმერეთი“, „მუშა“, „კვალი“ და სხვა მრავალი. შედეგად, საქველმოქმედო მიზნით თანხების მოძიების 3500 ფაქტი შეგროვდა და თემატურ სტატიებად დამუშავდა.

აქ თქვენ წაიკითხავთ, როგორ ებრძოდნენ განმანათლებლები ე. წ. მავნე ჩვეულებებს და ცდილობდნენ მათ ჩანაცვლებას ქველმოქმედების კულტურით (ავტორი: ̶ირაკლი ხვადაგიანი), ან თუ როგორი იყო განათლების საკითხებში ქველმოქმედების მნიშვნელობა მე-19 საუკუნის მიწურულს (ავტორი: ბადრი ოყუჯავა); ასევე, რა როლს თამაშობდა ქართული სასცენო გაერთიანება სოლიდარობის კულტურის ჩამოყალიბების საქმეში (ავტორი: რუსიკო კობახიძე), და როგორი იყო საზოგადოების თანამონაწილეობა სოციალური და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთა დასახმარებლად თუ საქართველოს თავდაცვით ბრძოლებში ჯარის მხარდასაჭერად (ავტორი: ირაკლი ირემაძე). მთლიანობაში, ეს განსხვავებული და მრავალმხრივი მასალა იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სურათს წარმოგვიდგენს და ფიქრისა და განსჯისათვის დღესაც არაერთ საინტერესო საკითხს გვთავაზობს.

როგორც ზემოთ ითქვა, პროექტი „ინიციატივა ცვლილებისათვის“, მიზნად ისახავს, იკვლიოს სათემო თვითორგანიზების ისტორიული და თანამედროვე გამოცდილება და მაგალითები. წინამდებარე წიგნი ამ სერიის მესამე გამოცემაა და მას ფრიდრიხ ებერტის ფონდმა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ მეოთხე წიგნი 2022 წელს გამოიცემა და ის სათემო თვითორგანიზების თანამედროვე მაგალითებს შეეხება. კერძოდ, გააერთიანებს როგორც 2019-2020 წლებში მოქმედი სათემო ორგანიზაციების, მათი საჭიროებების, ძლიერი და სუსტი მხარეების კვლევას, ასევე, აღწერს სათემო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა თუ სამოქალაქო პლატფორმების საქმიანობის ათამდე მაგალითს. ეს ორგანიზაციები თავ-თავიანთ თემებში, სასიკეთო ცვლილებებისთვის იბრძვიან. კვლევით-საგანმანათლებლო საქმიანობა და საგამომცემლო სერია სამომავლოდაც გაგრძელდება სხვადასხვა თემატური ფოკუსით.

2020-ში, პანდემიის პერიოდში, დაწყებული სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების ზოგიერთი ინიციატივა, ალბათ, სამომავლოდაც განაგრძობს მუშაობას, ზოგიერთი კი ერთჯერადი მისიით ამოწურავს თავს, რაც ბუნებრივი პროცესია. ვფიქრობთ, მთავარია, სოლიდარობა და ურთიერთდახმარება საზოგადოებრივი კულტურის ნაწილი იყოს და უწყვეტ, დინამიურ პროცესად ჩამოყალიბდეს, რომლის ფარგლებშიც ზოგიერთი ინიციატივა კონკრეტული მიზნისთვის გაჩნდება და ამ მიზნის მიღწევის შემდეგ დაიშლება, სხვა კი უფრო გრძელვადიან გეგმას გაჰყვება. ამგვარად შევინარჩუნებთ კავშირს ასზე მეტი წლის წინანდელ საზოგადოებასთან, იმდროინდელ სულისკვეთებასთან. წარსულსა და მომავალს შორის გადებული ეს ხიდი კი იქნება ერთიანი, უწყვეტი ისტორია  ̶  სოლიდარული საქართველოსი.

წიგნის მიღება შესაძლებელია სათემო განვითარების ცენტრში. ელექტრონული ვერსია კი 2022 წელს გახდება ხელმისაწვდომი და ის, სხვა ონლაინპლატფორმებთან ერთად, განთავსდება www.droa.ge-ზეც. 

[1] გაზ. საქართველო. №246.04.11.1916, გვ.3.