მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2022 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებისათვის 42 250 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მომსახურების განხორციელების პროცესში გასათვალისწინებელი აუცილებელი მოთხოვნებია:
- მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა (მხოლოდ შემსყიდველის მითითებით) საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით).
- დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით თავშესაფარში.
- თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით (დაბირკვა) და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება. ვეტერინარული მომსახურება უნდა განახორციელონ, მხოლოდ ვეტერინარმა სპეციალისტებმა.
- უნდა მოხდეს ცხოველთა თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების იდენტიფიცირება და ვაქცინირება ცოფის საწინააღმდეგოდ.
- ცხოველების დაჭერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე უნდა განხორციელდეს ცხოველთა რეგისტრაციის მკაცრი კონტროლი.
აღნიშნული ტენდერი მარნეულის მერიამ 8 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 14-დან 16 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.
წლებია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობა მსგავსი სახის მომსახურეობის ტენდერებს აცხადებს, თუმცა დახარჯული თანხის როდენობა 21 000 ლარს არასდროს აღემატებოდა. მხოლოდ 2021 წელს დაუშვეს შემთხვევა, როდესაც თანხა გაზარდეს და 42 360 ლარი გამოყვეს. აღნიშნული თანხა კი 2022 წლისთვის 110 ლარით შეამცირეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღემდე მწვავედ დგას მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, რომლებიც ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გასული 11 თვის განმავლობაში, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მარნეულში ძაღლის კბენის 809 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მარნეულის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში რადიო “მარნეულს” განუცხადეს, 126 ადამიანი მიუსაფარმა ძაღლებმა დაკბინეს, ხოლო დაკბენის 638 შემთხვევა, შინაურ ძაღლს უკავშირდება.