კალაძე: სამშენებლო ნებართვა სპორტული მოედნებისა და სკვერების ხარჯზე, არ გაიცემა

1024

თბილისის მერობის ქართული ოცნების კანდიდატმა კახა კალაძემ “იმედის კვირის” შეკითხვებს უპასუხა. აპირებს თუ არა კალაძე მოქმედი მერის დავით ნარმანიას მიერ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას კალაძე ამბობს, რომ დავით ნარმანიას “ძალიან რთული მემკვიდრეობა დარჩა” და რომ “მერიამ ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა”.

კალაძის თქმით, პროექტები, რომლებიც მისი და მისი გუნდის მიერ გაჟღდერდა, განხორციელდება.

კალაძის თქმით, ქალაქი თანმდიმდევრულად, გენერალური გეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს და არ უნდა “ვიყოთ ქაოტურები”.

“20-25 წლიანმა ქაოტურმა განაშენიანებამ სადამდე მიგვიყვანა, მე მგონი ყველა კარგად ვხედავთ დღეს და შედეგიც სახეზე გვაქვს. ასე გაგრძელება გამორიცხულია. ჩემი მერობის პირობებში, არცერთი სამშენებლო ნებართვა სპორტული მოედნების, სკვერების, პარკების და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე მშენებლობას ვეწინააღმდეგები. მზად ვარ ავაშენოთ, განვავითაროთ, მაგრამ გავაკეთოთ სწორად – არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე და რაიონებზე. ქალაქს თანაბარი განვითარება სჭირდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე მუხიანში რადიო ქარხნის ტერიტორიაზე “რადიო ქალაქის” მშენებლობას აპირებს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი სივრცეები, ახალგაზრდული ცენტრები, ღია და დახურული აუზები და ა.შ.

კალაძემ ტრანსპორტის განვითარების შესახებაც ილაპარაკა და ხაზი გაუსვა საბაგიროების მიმართულებით პროექტების განხორციელებას.

რაც შეეხება ძველი თბილისის რეაბილიტაციას, კალაძე ამბობს, რომ მის რეაბილიტაციას 4 წელი არ ეყოფა. კალაძის თქმით, მას არ აქვს იმის ილუზია, რომ თბილისის ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედინიუსი