ქუთაისის მერიამ ახალი მოწვევის საკრებულოში კორექტირებული ბიუჯეტი ხვალ უნდა შეიტანოს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს 10 დეკემბერს გადაეგზავნება. ბიუჯეტის პროექტის კომისიური განხილვების შემდეგ, დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გავა.
ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს, მერიას შენიშვნებით უკვე გადაეგზავნა. მანამდე, მისი საჯარო განხილვა გაიმართა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ქალაქის პირველ პირებს ფინანსურ დოკუმენტზე საუბარი თითქმის ცარიელ დარბაზში მოუწიათ.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაზე მოუმზადებლად გაიტანა მერიის სოციალურმა სამსახურმა. სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს ფიქრია ხაჭაპურიძეს, გაუჭირდა დაესახელებინა მისი სამსახურის მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა და შესაბამისად ისიც, თუ რამდენით არის გაზრდილი მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, აღნიშნული სამსახურის პროგრამებისთვის გაწერილი თანხა.
ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის 82 მილიონამდე ლარით განისაზღვრა. მომდევნო წელსაც პრიორიტეტული სფეროები სოციალური, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაა.