კალაძე: შეიძლება ბევრისთვის მერობა ან დედაქალაქის მთავრობის წევრობა იყოს რაღაც პრეროგატივა, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს არის თბილისელების მსახურება

299

დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ ქალაქის მართვის 4-წლიან პერიოდს. რაც შეეხება განვლილ 4 წელს, 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, გვემსახურა ამ ქალაქისთვის. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი ახალი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ცხადია არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„პირადად ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ თბილისის მოსახლეობამ მეორედ მომცა მანდატი და ნდობა იმისა, რომ ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. დღეს თქვენი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან ჩემდამი გამოვლენილ ნდობასა და დაკისრებულ პასუხისმგებლობას თითოეულ თქვენგანს გიზიარებთ. შესაბამისად, ამ ქალაქისა და საზოგადოების ინტერესზე მორგებული თითოეული სასიკეთო საქმე იქნება ჩემი მხრიდან წახალისებული. პირობას ვდებ, რომ ჩემს გვერდით დგომას თითოეული თქვენგანი იგრძნობთ საქმით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წევრებს ჰქონდეთ მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა, თანადგომა და იცოდეთ, რომ ეს ასეც იქნება, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ – ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ თბილისს. შეიძლება ბევრისთვის მერობა ან დედაქალაქის მთავრობის წევრობა იყოს რაღაც პრეროგატივა, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს არის თბილისელების მსახურება. ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც თბილისელების უმრავლესობამ მოგვანიჭა, ყველას კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული. შესაბამისად, უნდა შევუდგეთ საქმის კეთებას. ყველაზე მთავარია საქმე, საქმე და საქმე, რომელიც უამრავია ამ ქალაქში. წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებს ღირსეული რეაგირება სჭირდება“, – აღნიშნა კალაძემ.