4 წლის განმავლობაში შეიძლება ვიღაცამ წამომაძახოს, ერთი მეტრო სადგური ვერ გაგიკეთებიაო – ვიღებ ამ შენიშვნას, ეს პრობლემა მოგვარებული იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, მეტრო „ვარკეთილზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილია ყველა მეტროსადგურის განახლება.
„მეტრო „ვარკეთილის“ პრობლემას რაც შეეხება – კომპანიამ, რომელმაც აწარმოა სამუშაოები, რა თქმა უნდა, ჩვენგან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ამ კომპანიას მერიის არც ერთ ტენდერში მონაწილეობა არ აქვს მიღებული იმიტომ, რომ „შავ სიაში“ იყო შეყვანილი და შესაბამისად, სხვა ტენდერშიც ვერ შეძლებდა მონაწილეობის მიღებას.
თავად მეტროს პრობლემას რაც შეეხება – საქმე ეხება უამრავ ადამიანს და ის შედეგი რომ არ მიგვეღო, რაც მივიღეთ ჭერის ჩამონგრევით, ჩატარდა კვლევები როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი, შემუშავდა კონკრეტული ვიზუალი და დიზაინი, როგორ წარმოგვიდგენია მისი განხორციელება და ძალიან მალე გვექნება უკვე პროექტი და დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას.
მე მესმის, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა იმიტომ, რომ 4 წლის განმავლობაში შეიძლება ვიღაცამ წამომაძახოს, რომ ერთი მეტრო სადგური ვერ გაგიკეთებიაო – ვიღებ ამ შენიშვნას და ეს პრობლემა მოგვარებული იქნება“, – განაცხადა კალაძემ.