კალაძე: გეფიცებით, ჩემი მერობის პერიოდში არასდროს მიღებულა გადაწყვეტილება, რომ ადამიანები დახმარების თვალსაზრისით პოლიტიკური ნიშნით გაგვეყო

304

თუ აპირებთ დასრულდეს შერჩევითი დახმარებები?, – ამ კითხვით საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სოფო ჯაფარიძემ დედაქალაქის მერ კახა კალაძეს მიმართა.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, არსებობს მაგალითები, როდესაც პირის დახმარება ხდება პოლიტიკური ნიშნით შერჩევით.

„ხშირად მიკავშირდებოდნენ კონსულტაციისთვის, თუ როგორ მიეღოთ დახმარება მუნიციპალიტეტისგან და სწორედ აქ წავაწყდი ძალიან მძიმე სურათს, როდესაც დავინახე რეალობა, რომ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში შერჩევით ხდება ადამიანების დახმარება. რამდენიმე მაგალითს წავაწყდი, რომ თუ ადამიანი არ იყო “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი, სამწუხაროდ, ვერ იღებდა დახმარებას, თუ აპირებთ დასრულდეს შერჩევითი დახმარებები?, – მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სოფო ჯაფარიძემ მერ კახა კალაძეს.

თბილისის მერის თქმით, პოლიტიკური ნიშნით დახმარებების გაცემა ბოროტებაა და მისი მერობის დროს მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია.

“ეს არის ისეთი თემა, როგორ შეიძლება ადამიანმა პოლიტიკური ნიშნით განისაზღვროს ვიღაცას დაეხმარო თუ არა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება და ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის. არასდროს, მერწმუნეთ, გეფიცებით, ყველაზე საფიცარი ვინც მყავს, არასდროს ჩემი მერობის პერიოდში არ მიღებულა ისეთი გადაწყვეტილება, რომ ადამიანები დახმარების თვალსაზრისით, ხელშეწყობის თვალსაზრისით გაგვეყო პოლიტიკური ნიშნით. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი ბოროტება, ყველაზე დიდი უბედურება, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს და გააკეთოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.