კალაძე: ჩემი დაპირებაა, რომ არცერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ

327

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება იქნება.

როგორც მან დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, შენობები თანამედროვე და უსაფრთხო ნაგებობებით ჩანაცვლდება.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2022 წლიდან ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობების ჩანაცვლება-განახლება თანამედროვე, უსაფრთხო და ქართული არქიტექტურული შენობებით მოხდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს. აქ საუბარია ე.წ. ხრუშჩოვკებსა და ავარიულ შენობებზე, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ქალაქში 10 000-მდე ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. მათ სხვადასხვა ავარიულობის კატეგორია აქვს მინიჭებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არცერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩება უსახლკაროდ და ამისთვის მუნიციპალური საბინაო ფონდი უკვე იქმნება.

„ვგგეგმავთ, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ – ეს არის ჩემი დაპირება. ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი. დღეს, დაახლოებით, 400-მდე ოჯახი გვყავს, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ისინი მუნიციპალური ბინებით იქნებიან უზრუნველყოფილნი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ბოლომდე მიიყვანს უკვე დაწყებულ პროგრამას, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ეხება.

კახა კალაძის თქმით, მოგვარდება, როგორც დიდი სამშენებლო კომპანიების, ასევე, პატარა სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულთა პრობლემები.

„ასევე, ბოლომდე მივიყვანთ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პროგრამას და ქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. აქაც გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული. ჩვენ მოვაგვარეთ ისეთი პრობლემები, რომელიც ათეული წლებია გადაუჭრელია. 10 0000 ოჯახი ელოდა ამ გადაწყვეტილებას. მათ უკვე იციან, რომ მომდევნო წლებში საკუთარი საცხოვრებელი ბინები ექნებათ. ეს ადამიანები არიან, როგორც დიდი სამშენებლო კომპანიების, ასევე, პატარა კომპანიების მიერ დაზარალებულები და ჩვენ მათ პრობლემებსაც მოვაგვარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოში სხდომა იმართება, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის – მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.