ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2022 წლიდან, ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობები (კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს), სრულად ჩანაცვლდეს თანამედროვე და უსაფრთხო შენობებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, არც ერთი თბილისელი ოჯახი უსახლკაროდ არ უნდა დარჩეს.
„ეს არის ჩემი დაპირება! ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი. ასევე, ბოლომდე მივიყვანთ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პროგრამას და ქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.
ჭკვიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით ქალაქში ყველას თანაბარი, კომფორტული და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. ვქმნით 10 სატრანზიტო დერეფანს და ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში სინქრონიზაცია განხორციელდება. თბილისს დაემატება კიდევ 200 ახალი ავტობუსი, ჯამურად, ამ ღონისძიებებით, ავტობუსის მოცდის დრო, საშუალოდ, 20-დან 7 წუთამდე შემცირდება. მეტროს დაემატება ახალი ვაგონები, დაინერგება სატრანსპორტო სერვისის მიღებისას ერთიანი სააბონიმენტო სისტემა, მოეწყობა ახალი საბაგირო გზები და 515 კმ ველობილიკი. განხორციელდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რაც განაპირობებს ქალაქის სატრანსპორტო სისტემის საბოლოო შეკვრას.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ მინიმუმ 15 პარკის პროგრამის განხორციელებას, მინიმუმ 300 ჰექტარი დეგრადირებული ტყის აღდგენას, შიდაკვარტალური და საუბნო გამწვანების პროგრამის ამოქმედებას, რაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად შემცირებას“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ თბილისის ისტორიულ უბანში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, დედაქალაქის ტურისტული პოტენციალი გაიზრდება.
„რა თქმა უნდა, ძველი თბილისი ქალაქის სავიზიტო ბარათია და ამ კუთხით მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. გეგმაშია გორგასლის ქუჩაზე ავტომაგისტრალის მიწის ქვეშ ჩატანა და გორგასლის ბულვარის 9 ჰა ტერიტორიაზე გაშენება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნარიყალას ციხეს, ბარათაშვილის გალავანს, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებს, ჩუღურეთში, განახლდება აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ბაღები. ეს გაზრდის თბილისის ტურისტულ პოტენციალს, გააძვირებს მოქალაქეების კუთვნილ ქონებას, გაზრდის მათ შემოსავლებს და ამავდროულად, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას ძველ თბილისში.
სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით, ჩვენ გავაფართოებთ შესაბამის პროგრამებს, მათ შორის, ონკომედიკამენტებით უზრუნველყოფით პროგრამას, სკრინინგის პროგრამებს, შშმ პირთა პერსონალური დახმარების სერვისებს და დავაფინანსებთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიურ კვლევებს.
როგორც იცით, ჩემი საარჩევნო დაპირება იყო თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის მედიკამენტებისთვის განკუთვნილი 500 ლარიანი წლიური ვაუჩერის გადაცემა. ვაუჩერების გაცემა დაიწყება 2022 წლიდან“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ეს და სხვა მუნიციპალური პროგრამები იქამდე იქნება პრიორიტეტული, ვიდრე ამ ქალაქში სოციალური ფონი არსებითად არ გაუმჯობესდება, ვიდრე ჯანმრთელობაზე გაღებული დანახარჯები მოქალაქეებს ტვირთად არ დააწვებათ და ღირსეული ცხოვრების პირობები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.
„ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ვგეგმავთ: 10 მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის პროექტის გაგრძელებას, კოჯორში მასშტაბური, მრავალფუნქციური ახალგაზრდული სოფლის მშენებლობას, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოდერნიზებას, ციფრული ჰაბების მოწყობას, 8 ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებას, მუზეუმებისა და სახლ-მუზეუმების, ასევე სახელოვნებო სკოლების რეაბილიტაციას, დენდროლოგიურ პარკში სახელოვნებო ჰაბების მოწყობას, ასევე სკეიტპარკებისა და სხვა გასართობი სივრცეების მოწყობას, შემოქმედებითი და გასართობი ინდუსტრიების აქტიურ მხარდაჭერას,“- განაცხადა კალაძემ.