კალაძე: თბილისი უფრო სიცოცხლით სავსეა, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო

395

მე და ჩემმა გუნდმა გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, თითქმის ყველა დაპირება შევასრულეთ და დღეს თბილისი გადასაადგილებლად უფრო კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო ქალაქია, თბილისი უფრო მწვანე და მოწესრიგებულია, თბილისი უფრო სიცოცხლით სავსეა, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაკეთებული საქმეების მიუხედავად, სანამ თბილისი წამყვან ევროპულ ქალაქებს არ გაუტოლდება, კმაყოფილების საბაბი ვერ ექნება.

„უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა, თბილისელებთან ერთად უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენ ჩავიბარეთ ქალაქი, სადაც 20-30 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემების გადასაჭრელად არ არსებობდა ერთიანი ხედვა და მიდგომა, მდგრადი განვითარების გეგმა, თუმცა დარგის სპეციალისტებთან, კერძო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად შევძელით, რომ მიგვეღო ქალაქის კონსტიტუცია, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც ქაოტური განაშენიანების დასასრულის და თბილისის ევროპული ტიპის ქალაქად ქცევისთვის ჩაყრილი საძირკველი იყო.

ამავდროულად დავაწესეთ ახალი სამშენებლო სტანდარტები. ყველა მშენებლობისთვის სავალდებულო გავხადეთ დენდროლოგიური და სატრანსპორტო პროექტი.

ჩვენ შევძელით საჯარო ტრანსპორტის განახლება და მოდერნიზაცია, შემოვიყვანეთ ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები (716 ერთეული), დავიწყეთ მიკროავტუბუსების პარკის სრულად განახლების პროექტი, მეტროს მოდერნიზაცია და ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. ოთხი წლის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათასამდე სკვერს და 15 პარკს, დამატებით ვაკეთებთ 5 ახალ პარკს; შევქმენით ახალი მწვანე სივრცეები, მათ შორის 100 ჰა მწვანე კუნძული. თბილისს შეემატა 138 ათასი კვ/მ სატყეო ზონა და 4 მლნ კვადრატი მწვანე სივრცე, დაირგო 300 ათასზე მეტი ხე.

განვახორციელეთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა უბანში ფუნდამენტურად განვაახლეთ კომუნიკაციები. შევედით ისეთ უბნებშიც, სადაც აქამდე არაფერი იყო გაკეთებული. ბიუჯეტმა, ჩვენი თბილისის მთავრობაში მოსვლის პირველივე წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა და ოთხი წლის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა. ამან, ჩვენ მოგვცა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი პროექტის განხორციელების, ისე ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოების და ამ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდის შესაძლებლობა. ამ ოთხი წლის მანძილზე, უამრავ მოქალაქეს გადავურჩინეთ სიცოცხლე, გავუუმჯობესეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და შევუმსუბუქეთ ყოფა. მე აღარ გავაგრძელებ ყველა მიმართულების გამოყოფას, თუმცა ფაქტია, მე და ჩემმა გუნდმა გლობალური პანდემიის გათვალისწინებით თითქმის ყველა დაპირება შევასრულეთ და დღეს თბილისი გადასაადგილებლად უფრო კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო ქალაქია, თბილისი უფრო მწვანე და მოწესრიგებულია, თბილისი უფრო სიცოცხლით სავსეა, ვიდრე ოთხი წლის უკან იყო. გაკეთებული საქმეების მიუხედავად, კმაყოფილების საბაბი იქამდე ვერ მექნება, სანამ თუნდაც ერთ ოჯახს უჭირს ჩვენს ქალაქში და სანამ ყველა უბანში მეტი სიცოცხლე არ შევა და სანამ თბილისი წამყვან ევროპულ ქალაქებს არ გაუტოლდება ყველა მიმართულებით,”- განაცხადა კალაძემ.