თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, ასევე მოხდება ქეთევან წამებულისა და მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია.
„ერთია ის, რაც დაგეგმილი გვაქვს და რაც უნდა განვახორციელოთ, ხოლო მეორე არის ქალაქში არსებული სატრანსპორტო მდგომარეობა. ჩვენ მომდევნო წელს გვაქვს დაგეგმილი ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია, ასევე მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დავიწყოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, რეაბილიტაციის დროს მოძრაობა იკეტება, შესაბამისად მომავალ წელს რომ დავამთხვიოთ და დავგეგმოთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ქალაქში სრულ კოლაფსს მივიღებთ. გიდასტურებთ, რომ წერეთლის გამზირი იმ გამზირების ჩამონათვალია, რომელიც დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ, უკვე დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაც”, – განაცხადა ბენდელიანმა.