2022 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 5,9 მლრდ ლარი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მაქსიმუმია – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩართვისას.
მან ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით.
„პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის მიმართულება, სადაც ამოქმედდება მთელი რიგი ახალი პროგრამები. გარდა ამისა, სოციალური მიმართულებითაც ჩამონათვალის ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რომლის დაფინანსებაც ასევე გაიზრდება. ეს მოიცავს საპენსიო თანხების ზრდასაც. მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სოციალურად დაუცვლ ოჯახებში ბავშვების ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, რომლის დროსაც თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით თანხა გაიცემა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვნად იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც.
„ამ მიმართულებით ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება; რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხები“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, დაფინანსება იზრდება განათლების სექტორშიც. კერძოდ, 190 მლნ ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის აღსადგენად ამ მიმართულებით. მომავალ წელს COVID-19-ის მართვისთვის გათვალისწინებულია 500 მლნ ლარი.