შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე ღამის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა გასართობი ინდუსტრიის მდგრადი აღდგენისთვის შემუშავებული პროტოკოლის სამუშაო ვერსია განიხილეს, რომელიც ინფექციის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
“მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება”,-წერია განცხადებაში.
შეხვედრას თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტრო წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფერაძემ იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რაც კლუბებისთვის ამოქმედდება.
“ვიმსჯელეთ იმ დამატებით რეგულაციებზე, რომელიც “მწვანე პასპორტებთან” ერთად უნდა დაიგეგმოს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას რომ შეთანხმება მიღწეულია. პირველ ეტაპზე საბჭოს წარვუდგენთ წინადადებას, რომ “მწვანე პასპორტების” გარდა, შესაბამისი სავენტილაციო სისტემებით, ადამიანების რაოდენობრივი შეზღუდვებით, საუბარია აქ ტევადობის 50%-ზე, მოხდეს მათი ფუნქციონერების განახლება”,-აცხადებს ფერაძე.