ასპინძაში, სოფელ ოთაში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატს მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაეშალა. ლევან ცაბაძის მხარდამჭერები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან, ადგილობრივებზე ზეწოლა განხორციელდა.
ასპინძაში, დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის ლევან ცაბაძის საარჩვენო შტაბის წევრი ზურაბ ნარიმანიძე, რომელიც ამავე დროს სოფელ ორგორაში გამგებლის წარმომადგენელია, აცხადებს, რომ სოფელ ოთაში 12 ოქტომბერს, ცაბაძის მიერ მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. მიზეზად ნარიმანიძე „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან, ადგილობრივებზე განხორცილებულ ზეწოლას ასახელებს.
„ღამით კარდაკარ ჩამოუვლიათ და მთელი დღის განმავლობაშიც სოფელში ყოფილან. მოსახლეობას აფრთხილებდნენ და ეუბნეოდნენ, რომ 18:00 საათზე ცაბაძე აპირებს მოსვლას და არ შეხვდეთო. მთელი დღე მანქანებით ოთის შესასვლელში იდგნენ“, – ამბობს ნარიმანიძე.
ლევან ცაბაძის თქმით, იგი 12 ოქტომბერს 18:00 საათზე არა, თუმცა მოგივანებით სოფელში ხალხთან შესახვედრად მაინც მივიდა: „გარეთ ვერავინ გაბედა გამოსლვა, ფანჯრებიდან მელაპარაკებოდნენ და ბოდიშს მიხდიდნენ იმის გამო, რომ ჩემთან საუბარს ერიდებოდნენ“.
დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ლევან ცაბაძე მოსახლეობას, საკუთარ პროგრამას თითქმის ყველა სოფელში აცნობს, მსგავსი ზეწოლა კი პირველად განხორციელდა.
„ოთა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის როსტომ მაგრაქველიძის მშობლიური სოფელია და ასე იმიტომ მოხდა“, – აცხადებს ნარიმანიძე.
ოთაში მცხოვრებლები იმაზე, თუ ვინ დაემუქრა მათ 12 ოქტომბრის საღმოს, ღიად არ საუბრობნ. პირად საუბრებში კი ყვებიან, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ცაბაძესთან შეხვედრა მართლაც აუკრძალეს.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ასპინძაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი როსტომ მაგრაქველიძე.
„სულ 16 აქტივისტი მყავს. ახლაც თან დამყვებიან და სოფელ–სოფელ დავდივართ. ვისთანაც ხალხს შეხვედრა არ უნდა, ის ურეიტინგოა. როგორ უნდა ავუკრძალოთ 21–ე საუკუნეში ვინმეს, რომ არავის შეხვდეო?! აგერ ჩემთან ერთად არის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი და ხვდება ხალხს, მაგრამ არავინ უშლის ხელს. ეს სიცრუეა“, – ამბობ მაგრაქველიძე.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე