მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა.
კალაძის თქმით, სამუშაოების შეფერხება კონტრაქტორი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ და მეტროსადგურის ბაქნის უვარგისობამ გამოიწვია.
„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, აქ იყო ორი დიდი პრობლემა: კომპანიის პრობლემა, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შესაბამისად, ეს კომპანია იქნა გაშვებული და „შავ სიაში“ შეყვანილი. მეორე პრობლემა იყო ბაქნის უვარგისობა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და საჭირო გახდა ახალი პროექტის განხორციელება. უკვე დაწყებულია რეაბილიტაცია, ახალი ბაქნის პროექტის შექმნა. ეს იყო ერთადერთი სადგური გადახურვის გარეშე, დღეს უკვე მომზადებულია კონსტრუქციები, ესეც გადახურული სადგური იქნება და დაახლოებით, შვიდი თვე დასჭირდება სამუშაოების მთლიანად დამთავრებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან – შპს „მამისონთან“, რომელმაც ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ჩაატაროს ბაქნის დამატებითი კვლევა და კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ბაქნის ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტა და პროექტი.
„განახლებული პროექტის მიხედვით განახორციელოს ბაქნის კონსტრუქციული ელემენტების დემონტაჟი და ახლის მონტაჟი; დაასრულოს მეტროსადგურზე დარჩენილი სარემონტო სამუშაოები. სახელშეკრულებო ზღვრული თანხა შეადგენს დაახლოებით 4,7 მლნ ლარს, რომელიც პროექტირების დასრულების შემდეგ შესაძლოა დაკორექტირდეს.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება და კომპანიას დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქციები. მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მეტროსადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №169“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.