ქუთაისის მუნიციპალიტეტმა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გრანტი მოიპოვა

373

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გრანტი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, ქუთაისის, ხელვაჩაურისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებისთვის მძიმე ტექნიკას შეიძენენ.

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ტექნიკის დახმარებით, გაძლიერდება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფექტურად დაძლევისთვის. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს გაუმჯობესებულ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებს, როგორებიცაა გზების, კანალიზაციის, სასმელი და სანიაღვრე წყლის სისტემები.

საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების დაცვას.

„ამ დღეებში ხელი მოვაწერეთ იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტს, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის მუნიციპალიტეტში შეძენილი იქნება მძიმე ტექნიკა, ბუნებრივ კატასტროფებთან სწრაფად და ეფექტურად საბრძოლველად.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახლახანს ჩვენ კიდევ ერთი გრანტი მოვიპოვეთ, კულტურის სტრატეგიის შესაქმნელად. 30 000 ევროს ოდენობის გრანტი ქუთაისს EU4Culture პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მიერ გადმოეცა. ქუთაისის კულტურის სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია“, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.