“საქართველოსთვის”: საკრებულოების თავმჯდომარეების კანდიდატებად ჩვენს წარმომადგენლებს ვასახელებთ მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში, სხვა საკრებულებში კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ

423

პარტიას „საქართველოსთვის“ სადაც ბერკეტი გაგვაჩნია, არც ერთ პარტიას არ მივცემთ ერთპარტიულად და ერთპიროვნულად საკრებულოების მართვისა და კრიზისის შექმნის შესაძლებლობას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში საკუთარი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მიზანი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი გეგმა, არის საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩვენთვის მონიჭებული უფლებამოსილება, ვიმოქმედოთ ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის უზრუნველსაყოფად და იქ, სადაც ეს ბერკეტი გაგვაჩნია, არც ერთ პარტიას არ მივცეთ ერთპარტიულად და ერთპიროვნულად საკრებულოების მართვის და კრიზისის შექმნის შესაძლებლობა, არამედ პირიქით, ვიმოქმედოთ მუნიციპალიტეტის, იქ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად. თქვენთვის უკვე ცნობილია ჩვენი პოზიცია ბათუმის საკრებულოსთან დაკავშირებით, რომელიც მივიღეთ იქ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს:

1. იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც ჩვენს პარტიას გააჩნია გადამწყვეტი ხმები, დღეს – პირველ სხდომაზე, საკრებულოების თავმჯდომარეების კანდიდატებად ჩვენს წარმომადგენლებს ვასახელებთ მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში.

2. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე გვაქვს გადამწყვეტი ხმები, თქვენ იცით, რომ ეს არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, დავესწრებით სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში მონაწილეობას დღეს არ მივიღებთ.

3. სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც არ გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა – გადამწყვეტი ხმები, თუმცა გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ დავასახელოთ საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატები, ჩვენ დღესვე, ახალარჩეული საკრებულოების პირველივე სხდომაზე წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარეების და სხვა პოზიციების დასაკავებლად.

4. აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც ასევე გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, პარტია „საქართველოსთვის“ ქმნის ფრაქციებს.

5. იმ საკრებულოებში, სადაც ჩვენი კანდიდატები მოიპოვებენ საკმარის ხმებს საკრებულოს თავმჯდომარის თუ სხვა პოზიციის დასაკავებლად, კიდევ ერთხელ ჩვენი მოქმედების პრინციპი იქნება ძალაუფლების ბალანსი და დაეფუძნება ამ მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს და ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ ძალთა ბალანსს.

თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ „ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შევთავაზეთ ღიად ერთობლივი თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რაზეც მივიღეთ უარი. ჩვენ მეორე ნაბიჯი კომპრომისული ნაბიჯი გადავდგით, სადაც დავასახელეთ – ჩვენი თავმჯდომარეობის კანდიდატები, რომ მივიღებდით მონაწილეობას საკრებულოს თავმჯდომარეების თანამდებობების დასაკავებლად, თუმცა ამაზეც ჩვენ პოზიცია არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არ მოგვისმენია. შესაბამისად, როგორც განვაცხადეთ, ბალანსის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მუნიციპალურ ბერკეტს, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.