ნაძალადევის რაიონში, კელაპტრიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 550 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, საერთო სარგებლობის კიბეები, საყრდენი კედლები აშენდა და გზა კაპიტალურად შეკეთდა. ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 5 600 კვ.მ ფართობზე დაიგო.
„მიმდინარე საგზაო სამუშაოებს თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი ხელაძე, დავით ჭელიძე და ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნენ.
კელაპტრიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაახლოებით 100 წელია არ განხორციელებულა, არც ასფალტის საფარი დაგებულა დღემდე. გზა იმდენად დაზიანებული იყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 653 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.