თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გაიმართება პრესკონფერენცია და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონია. ეს ქალაქები 30 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებენ კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა. მისი მიზანი ქალაქების დახმარებაა კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება.
კონკურსში მონაწილეობა 70-მა ქალაქმა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა.
სააპლიკაციო განცხადებების შეფასების შემდეგ, საქართველოდან შეირჩა 3 ქალაქი, ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი. ისინი მიიღებენ მაქსიმუმ 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად.
დოკუმენტზე მუშაობის 6 თვიანი პერიოდი ათვლას 1-ლი დეკემბრიდან დაიწყებს. საბოლოოდ, სამი ქალაქიდან ერთ-ერთი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.
ღონისძიებას, რომელიც 1-ელ დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება, დაესწრებიან: ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, შერჩეული ქალაქის მერები, პროექტის პარტნიორები და EU4Culture პროექტის წარმომადგენლები.
შეხვედრა გაიხსნება მისასალმებელი გამოსვლებით და დაჯილდოების ცერემონიით, სადაც შერჩეული ქალაქების მერები ოფიციალურად მიიღებენ საგრანტო სერტიფიკატებს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია მედიის წარმომადგენლებთან.
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არადედაქალაქ ქალაქებში.
პროექტის მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.