“შენ ხარ კორონა თავიდან ბოლომდე” – ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება აჭარის საკრებულოში

586

ბათუმში საკრებულოს სხდომა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში უკვე ხმაური და დაპირისპირებაა. პირველი კამათი “ნაციონალური მოძრაობის” წვერ, რევაზ ხარაზსა და საკრებულოს დეპუტატ რაულ თავართქილაძეს შორის მოხდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

რაულ თავართქილაზე გუშინ ბიუროს სხდომაზე იმყოფებოდა, მის ცოლს კი 5 დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. თავართქილაძე უმაღლეს საბჭოში დღესაც მივიდა და აპირებდა, რომ საკრებულოს სხდომას დასწრებოდა, რასაც ოპოზიციის წინააღმდეგობა მოჰყვა.

“შენ ახლა გადი, ნუ ავრცელებს კორონას აქ” – მიმართა თავართქილაძეს რევაზ ხარაზმა, რის საპასუხოდაც მას მმართველი გუნდის დეპუტატმა შეურაცხყოფა მიაყენა: “შენ თვითონ ხარ კორონა თავიდან ბოლომდე”.

რაულ თავართქილაძე ამბობს, რომ ცოლთან შეხება არ ჰქონია და სანამ მას კორონავირუსი დაუდასტურდებოდა თვითიზოლაციაში იყო.

შელაპარაკება იყო ბათუმის ახლად არჩეულ დეპუტატებსა და ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანს შორისაც.

“ვის ამტკიცებინებ ბიუჯეტს, ვისაც ვადა გასული აქვს, რომელსაც უფლება არ აქვს, რამდენიმე დღის წინ რეგლამენტი შეცვალეთ, რომ ბუჯეტი დაგემტკიცებინათ”, – უთხრა მერს ლევან ხარაზმა. 

ისინი ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ.

საკრებულოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული, ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. ოპოზიცია ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” ამის საშუალებას არ მისცემენ.