რუსთავის საკრებულომ, რომელსაც ვადა უახლოეს დღეებში ამოეწურება, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. ქალაქის 2022 წლის საწყისი ბიუჯეტი 81 მილიონი ლარით განისაზღვრა.
როგორც ახლადარჩეულმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, გაზრდილი ბიუჯეტი რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობების გარანტი და მაღალი პასუხისმგებლობაა.
“საკრებულომ დაამტკიცა ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი, რომელიც 31 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 81 მილიონს შეადგენს. წლის განმავლობაში ბიუჯეტი, დარწმუნებული ვარ, კიდევ გაიზრდება. გაზრდილი ბიუჯეტი რუსთავისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენ ძალიან სწაფად დავიწყებთ მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილი პროექტების განხორციელებას”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლაცაბიძემ.
მერის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაზრდილია ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება. “ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსაკუთრებული მატებაა. 2022 წლის საწყის ბიუჯეტში, 2021 წელთან შედარებით, 10 მილიონი ლარით მეტია გათვალისწინებული. ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პრიორიტეტი იქნება ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაცია, ლიფტების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა, სადარბაზოებისა და ზოგადად, კორპუსების კეთილმოწყობა. გაგრძელდება გზების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაც. მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა გაორმაგებულია. გაზრდილია ოპერაციებისა და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშთა რეაბილიტაციის დაფინანსება (საწყისი იყო 200 000 ლარი და ახლა ვიწყებთ 400 000 ლარით). მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაემატა რამდენიმე ახალი პროგრამა. რუსთაველი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას მოხმარდება 2 მილიონ ლარზე მეტი. გავზარდეთ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაც, 200 000 ლარი იყო და 500 000 ლარი გახდა, ასევე, დავაფინანსებთ მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებსაც. ოქროსმედალოსანი მოსწავლეები მერიისგან 500-ლარიან ჯილდოს მიიღებენ, ეს ჩვენი ახალი ინიციატივაა”, – განაცხადა ლაცაბიძემ.
როგორც რუსთავის მერმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში ადაპტირებული კულტურული ღონისძიებები დაიგეგმება, რაც ქალაქის კულტურულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს. “აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კიდევ უფრო დაიხვეწება და მოქალაქეზე უფრო მეტად მორგებული გახდება მერიის ყველა პროგრამა. დარწმუნებული ვარ, 2022 წელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობით, შევძლებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ 81-მილიონიანი ბიუჯეტი და შევქმნათ დამატებით ახალი შესაძლებლობები თითოეული რუსთაველისთვის”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.