ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ბიურო მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას ცდილობს იმისათვის, რომ ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე დამტკიცდეს.
პარალელურად, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, საკრებულოს წევრები გახდნენ, წარმომადგენლობითი ორგანოს შენობაში იმყოფებიან და ცდილობენ, ბიურომ ბიუჯეტის საკითხი არ განიხილოს. მიზეზი მარტივია – 2017 წლის საკრებულომ, რომლის უფლებამოსილებაც 1 კვირაში სრულდება, ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს და ეს შესაძლებლობა ახალ საკრებულოს უნდა დაუტოვოს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ოპოზიციონერების, მათ შორის, მოქმედი საკრებულოს წევრების, შენობიდან გაყვანას ცდილობენ.
ცესკომ, რომელმაც საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში საკრებულოების პირველი სხდომები უნდა დანიშნოს, არ იჩქარა და ამიტომაც, წარმომადგენლობითი ორგანოების პირველი სხდომები დეკემბრამდე არ ჩატარდება. ამით კი საკრებულოების ძველ შემადგენლობებს შესაძლებლობა მისცა, მომდევნო წლის ბიუჯეტები სახელდახელოდ დაამტკიცონ.
ნიშანდობლივია, რომ ცოტა ხნის წინ, 9 ნოემბერს, ბათუმის საკრებულომ რეგლამენტში ცვლილება შეიტანა და ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის წინასწარი განხილვის ვადები გააუქმა. თუ აქამდე პროცედურა იმგვარად იყო გაწერილი, რომ ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის შუა რიცხვებამდე ფიზიკურად ვერ მოხდებოდა, ახლა საკრებულოს მისი დამტკიცება წარდგენიდან 1 კვირაშიც მარტივად შეუძლია.
ფორმალურად, დღეს მოქმედ, ე.წ. ძველ საკრებულოს, ცხადია, ბიუჯეტის დამტკიცება შეუძლია, თუმცა, ამგვარი რამ არცერთი არჩევნების შემდეგ არცერთ საკრებულოს არ უქნია. მოდით, ვნახოთ, როგორია პრაქტიკა და ბოლო 4 წლის განმავლობაში როდის დაამტკიცა ბათუმის წარმომადგენლობითმა ორგანომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი.
2018 წლის ბიუჯეტი სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სწორედ ახალი მოწვევის საკრებულომ მიიღო. ამ წელს არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა. ბუნებრივია, ბიუჯეტის პროექტის განხილვა, კანონმდებლობის შესაბამისად, 2014 წლის მოწვევის საკრებულომ დაიწყო, თუმცა, ის უკვე ახალი საკრებულოს წევრებმა 2017 წლის 26 დეკემბერს დაამტკიცეს.
არჩევნების მეორე ტური 6 მუნიციპალიტეტში 2017 წელსაც გაიმართა, თანაც, იმაზე გვიან, ვიდრე 2021 წლის არჩევნების მეორე ტურები – 12 ნოემბერს, თუმცა, ამის მიუხედავად, ცესკომ შეძლო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები 20 ნოემბერს მოიწვია, მათ შორის, იმ მუნიციპალიტეტებშიც, სადაც მეორე ტურები ჩატარდა.
მომდევნო, 2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ბათუმის საკრებულომ 2018 წლის 27 დეკემბერს მიიღო, 2020 წლის ბიუჯეტი – 2019 წლის 25 დეკემბერს, ხოლო წლევანდელი, 2021 წლის, ბიუჯეტი – 2020 წლის 21 დეკემბერს. მაშ, რატომ არ ჩქარობს ცესკო საკრებულოს პირველი სხდომის ჩანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემას და ამის პარალელურად, რატომ ჩქარობს ბათუმის ამჟამინდელი შემადგენლობის საკრებულო ბიუჯეტის მიღებას?
იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” ბათუმის საკრებულოში მმართველი პარტიის სტატუსი აღარ აქვს. ის აქ უმცირესობაშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალმა საკრებულომ, შესაძლოა, ბიუჯეტი ჩააგდოს და ამით “ოცნების” საეჭვოდ გამარჯვებული მერის – ჩიქოვანის მერობა უცებ დასრულდეს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მხოლოდ მაშინ ხდება, თუ საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს. თუმცა, ამ შემთხვევაში, უფლებამოსილება საკრებულოსაც უწყდება – საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით საქართველოს მთავრობა იღებს. ამის შემდეგ კი მთავრობა პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობა მასვე ავალებს მთავრობის რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელებას მანამ, სანამ რიგგარეშე არჩევნებით არჩეული მერისა და საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა არ მოხდება.
მერისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა იძულებით კიდევ მაშინ ხდება, თუ კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის გამო საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით, საკრებულოს დაითხოვს ან მის საქმიანობას შეაჩერებს. კონსტიტუციით, ამის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინაა, თუ “საკრებულოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას”. ამ საფუძვლით საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება კი ავტომატურად იწვევს მერის უფლებამოსილების შეწყვეტას ან შეჩერებასაც და ამ შემთხვევაშიც პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის ფორმა აქტიურდება. პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას კი მთავრობის მიერ დანიშნული მთავრობის რწმუნებული ან კოლეგიური ორგანო − საგანგებო ადმინისტრაცია განახორციელებს.